ცესკო და სწავლების ცენტრი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან აქტიურ თანამშრომლობას აგრძელებს. ამჯერად ახალგაზრდების საარჩევნო კულტურის განვითარებაზე ორიენტირებული საინფორმაციო-სასწავლო პროგრამა ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში - სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში განლაგებულ საჯარო სკოლებში განხორციელდა.
ინკლუზიური საარჩევნო გარემოს განვითარების და ამ მიმართებით ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდების საარჩევნო ცნობიერების ამაღლებისა და მათ აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბების ხელშეწყობის მიზნით, პროგრამის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრები VII-XII კლასის მოსწავლეებთან 2022 წლის 1-10 ივნისის პერიოდში რვა მუნიციპალიტეტში (ახალქალაქი, ახალციხე, ნინოწმინდა, ბოლნისი, გარდაბანი, დმანისი, მარნეული, წალკა) განლაგებულ 22 საჯარო სკოლაში ჩატარდა.
არჩევნებში ამომრჩევლის მონაწილეობის როლის მნიშვნელობა და საარჩევნო უფლების რეალიზების გარანტიები (მათ შორის ხმის მიცემის ფარულობა და კენჭისყრის პროცესის უსაფრთხოება), ინკლუზიურ საარჩევნო პროცესში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის ხელშემწყობი პირობები და საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ შეთავაზებული სერვისები - ეს ის მნიშვნელოვანი საკითხებია, რაც ცესკოს სწავლების ცენტრის თანამშრომლებმა საჯარო სკოლების მოსწავლეებთან განიხილეს. საოლქო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლებმა კი ახალგაზრდებში არჩევნების პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნებისთვის, საარჩევნო ადმინისტრაციის საინფორმაციო კამპანიის „ვესაუბრებით ამომრჩევლებს“ ფარგლებში, შეხვედრის მონაწილეებს საარჩევნო პროცესში ტექნოლოგიების გამოყენების მიმართულებით საქართველოს გამოცდილება გაუზიარეს და არჩევნების სანდოობის ზრდის ხელშემწყობი ინსტრუმენტები (დათვლის პროცესის ვიდეოფიქსაცია, საარჩევნო უბნის შედეგების გადათვლა) გააცნეს.
მიღებული ინფორმაციის პრაქტიკაში რეალიზების ხელშეწყობის მიზნით, საჯარო სკოლებში მოეწყო კენჭისყრის იმიტირებული პროცესი, რომლის ფარგლებშიც სკოლის მოსწავლეებმა მოირგეს როგორც ამომრჩევლის, ისე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა როლები.
აღნიშნული პროექტი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა საარჩევნო პროცესში ჩართულობის ხელშემწყობი პროგრამის ნაწილია. პირველ ეტაპზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, ცესკოს სწავლების ცენტრმა ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში განლაგებული საჯარო სკოლების 51 სამოქალაქო განათლების პედაგოგი გადაამზადა; მიმდინარე წლის 1-10 ივნისის პერიოდში ჩატარებული პროგრამის უშუალო ბენეფიციარები კი 22 საჯაროს სკოლის 560 მოსწავლე იყო (ქალი - 327; კაცი - 233).