საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ტრენინგი: „საარჩევნო ციკლის მართვა - დაგეგმარება, ანგარიშგება, მონიტორინგი და შეფასება“ გაიარეს.
ტრენინგი ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა და ევროპის საბჭოს არჩევნებისა და თანამონაწილეობითი დემოკრატიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე ფრანკ დეშლერმა გახსნეს და საარჩევნო პროცესების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად ეფექტიანი დაგეგმარების, ანგარიშგების, მონიტორინგის და შეფასების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
ორი დღის განმავლობაში ტრენინგის მონაწილეებმა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე იმუშავეს, როგორიცაა სტრატეგიული დაგეგმარება - SWOT და GAP ანალიზი, 2023-2025 წლების ლოგიკური ჩარჩოს შემუშავება, რისკები და კრიტიკული დაშვებები 2023-2025 წლებისათვის. ტრენინგი ასევე მოიცავდა შემდეგ საკითხებს: „მონიტორინგი და შეფასება - SMART ინდიკატორები“ და „ანგარიშგების სტანდარტები“.
ღონისძიება 1-2 ივნისს, ევროპის საბჭოს პროექტის „საარჩევნო პრაქტიკისა და პროცესის გამჭვირვალობის, ინკლუზიურობისა და სანდოობის მხარდაჭერა საქართველოში“ მხარდაჭერით გაიმართა. ტრენინგში ცესკოს სტრუქტურული ერთეულებისა და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ხელმძღვანელი პირები, ასევე საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეები მონაწილეობდნენ.