სწავლების ცენტრმა, ცესკოსთან თანამშრომლობით, 2022 წლის 13-27 მაისის პერიოდში, 8 პარტნიორი უნივერსიტეტის სტუდენტებთან სემინარების ციკლი „ინფორმირებული ახალგაზრდა ამომრჩეველი“ განახორციელა.
საინფორმაციო-სასწავლო პროგრამაში აქცენტი სხვადასხვა ფაკულტეტის დაწყებითი კურსის სტუდენტებზე გაკეთდა, რომლებსაც ასაკიდან გამომდინარე ნაკლები საარჩევნო გამოცდილება გააჩნიათ. ახალგაზრდებმა მიიღეს ინფორმაცია დემოკრატიული არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებსა და ამომრჩევლის საარჩევნო უფლების რეალიზების გარანტიებზე, მათ შორის, ინკლუზიური საარჩევნო გარემოს მნიშვნელობასა და ხელშემწყობ პირობებზე. შეხვედრებზე საარჩევნო ტექნოლოგიებიც განიხილეს, სტუდენტები დეტალურად გაეცნენ ინფორმაციას საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებულ საპილოტე პროექტზე, რომელიც საარჩევნო პროცესებში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებას გულისხმობს. სემინარების ჩატარება სწავლების ცენტრის თანამშრომლებმა უზრუნველყვეს.
საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ახალგაზრდებს ცესკოს და სწავლების ცენტრის ხელმძღვანელი პირებიც შეხვდნენ, რომლებმაც დეტალურად ისაუბრეს დემოკრატიულ საარჩევნო პროცესში ამომრჩევლის როლის მნიშვნელობაზე, დეზინფორმაციის უარყოფით გავლენასა და ამ მიმართებით ამომრჩეველთა ინფორმირებულობის ზრდის აუცილებლობაზე.
პარტნიორ უნივერსიტეტებში სემინარები პირისპირ შეხვედრების და დისტანციურ ფორმატში ჩატარდა, მასში მონაწილეობა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის, ალტე უნივერსიტეტის, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტისა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის 200-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო. პროგრამის მონაწილეებმა სასწავლო კურსი დადებითად შეაფასეს და უკუგების ფორმატში ახალგაზრდების, მათ შორის, პოტენციური პირველი ამომრჩევლების საარჩევნო ცნობიერების ამაღლების მიზნებისთვის საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ მსგავსი საინფორმაციო პროგრამების სისტემატურად განხორციელების აუცილებლობა დააფიქსირეს.
სემინარები სტუდენტებთან საინფორმაციო-სასწავლო კამპანიის „ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობა ღია მმართველობის პროცესში“ ფარგლებში განხორციელდა და ორიენტირებულია არჩევნების პოპულარიზაციაზე, ახალგაზრდების აქტიურ და ინფორმირებულ ამომრჩევლებად ჩამოყალიბების ხელშეწყობაზე.