საარჩევნო ადმინისტრაცია საარჩევნო კულტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით აგრძელებს საინფორმაციო-სასწავლო კამპანიის განხორციელებას. სწორედ ამ კამპანიის ფარგლებში, ცესკომ და სწავლების ცენტრმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, ახალ საგანმანათლებლო პროექტს ჩაუყარა საფუძველი.
პროექტის მიზანია ინკლუზიური საარჩევნო გარემოს განვითარების ხელშეწყობა და ამ მიმართებით ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში განლაგებულ საჯარო სკოლებში საინფორმაციო-საგანმანათლებლო კომპონენტის გაძლიერება დემოკრატიული არჩევნების არსისა და არჩევნებში მოქალაქის ჩართულობის მნიშვნელობის საკითხებზე.
ინიცირებული საპილოტე პროექტის შესაბამისად, 2022 წლის 10 და 11 მაისს, ცესკოს და სწავლების ცენტრის ხელმძღვანელი პირები ქვემო ქართლის და სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგებს შეხვდნენ. ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა და ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი შარაბიძემ დეტალურად ისაუბრეს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში არჩევნებისა და საარჩევნო პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის როლზე. სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ლალი კალანდაძემ, ახალგაზრდების საარჩევნო ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, ცესკოს სწავლების ცენტრის ექსპერტული გამოცდილების ფარგლებში საჯარო სკოლების სამოქალაქო განათლების მასწავლებლების გადამზადების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
სწავლების ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნო პედაგოგების გადამზადებისთვის სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული სასწავლო პროგრამის კონცეფცია, რომელიც ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს მოიცავს, როგორიცაა: ადამიანის უფლებების და თავისუფლებების ზოგადი მიმოხილვა; მოქალაქის საარჩევნო უფლების მნიშვნელობა და ადგილი პოლიტიკურ უფლებათა სპექტრში; დემოკრატიული არჩევნების არსი და არჩევითი სახელმწიფო ორგანოები საქართველოში; საქართველოს არჩევნების ისტორიის ექსკურსი და თანამედროვე საარჩევნო გარემო (განიხილება საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ამომრჩევლებისთვის შეთავაზებული თანამედროვე საარჩევნო სერვისები, მათ შორის, ინკლუზიური საარჩევნო გარემოს განმტკიცების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები).
10-11 მაისს სწავლების ცენტრმა სასწავლო პროგრამა „დემოკრატიული არჩევნები და საარჩევნო გარემო“ დისტანციურ ფორმატში ჩაატარა, მასში მონაწილეობა საბაზო და საშუალო საფეხურის 51 პედაგოგმა მიიღო (I ნაკადი: 25 მასწავლებელი აზერბაიჯანული სექტორიდან; II ნაკადი: 26 მასწავლებელი სომხური სექტორიდან). გადამზადებული სამოქალაქო განათლების მასწავლებლები მუშაობას გააგრძელებენ შესაბამისი სკოლის მოსწავლეებთან და სასკოლო თემის წარმომადგენლებთან.
საპილოტე რეჟიმში პროექტი მიმდინარე წელს რვა მუნიციპალიტეტში (ახალქალაქი, ახალციხე, ნინოწმინდა, ბოლნისი, გარდაბანი, დმანისი, მარნეული, წალკა) განლაგებულ 25 საჯარო სკოლაში განხორციელდება.