ცესკომ და სწავლების ცენტრმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, 2022 წლის 15 მარტიდან 4 აპრილის ჩათვლით პერიოდში საჯარო სკოლებში საინფორმაციო-სასწავლო პროგრამა „არჩევნები და ახალგაზრდა ამომრჩეველი“ განახლებული კონცეფციით განახორციელა. მიმდინარე წელს პროექტმა 64 მუნიციპალიტეტში განლაგებული 300 საჯარო სკოლა მოიცვა, მათ შორის, 48 საჯარო სკოლა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში.
XI-XII კლასის მოსწავლეები სხვადასხვა საარჩევნო საკითხის განხილვისას გაეცნენ ისეთ ახალ მოდულებს, როგორიცაა: ინკლუზიური საარჩევნო გარემო; დეზინფორმაციის და სიძულვილის ენის უარყოფითი შედეგების გავლენა საარჩევნო პროცესზე; არჩევნების სანდოობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიმართულებით საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ დანერგილი სერვისები. საჯარო სკოლებში მიმდინარე პრაქტიკული სწავლების ფორმატში მოსწავლეების ჩართულობით გაიმართა იმიტირებული არჩევნები. ახალგაზრდების მონაწილეობით ასევე ჩატარდა დებატები, რაც ახალგაზრდა თაობაში დებატების კულტურის განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
მოსწავლეებმა სასწავლო კურსი პოზიტიურად შეაფასეს. ამონარიდები კომენტარებიდან:
„ამ კურსმა სრულიად გაამართლა ჩემი მოლოდინი. საინტერესო იყო არჩევნებზე საუბარი, მის წარმართვაზე, ისტორიაზე, საქართველოში პირველ ქალ პარლამენტარებზე. დამაფიქრა დეზინფორმაციის საკითხებმა.... ზუსტი მნიშვნელობა გავიგე დემოკრატიული არჩევნების შესახებ. დავრწმუნდი, რომ ადამიანი რომელსაც დემოკრატიულ და განვითარებულ სახელმწიფოში სურს ცხოვრება, აუცილებლად უნდა მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში.... მალე შემეძლება არჩევნებში მონაწილეობის მიღება და ასეთი ზუსტი თვალსაჩინო ინფორმაცია დემოკრატიულ არჩევნებთან დაკავშირებით ძალიან სასარგებლოა ახალგაზრდებისთვის.... განსაკუთრებით მომეწონა სახალისო აქტივობები, იმიტირებული არჩევნები და დებატები სხვადასხვა პოზიციის მქონე ორ ჯგუფს შორის.... პედაგოგის მეგობრულმა დამოკიდებულებამ ორმაგად მომანდომა ჩართვა და აზრის გამოხატვის საშუალებაც უფრო კომფორტული გახდა. ვისწავლე თუ რა არის სწორი და ჯანსაღი დებატები....“
პროექტის ფარგლებში ასევე ჩატარდა საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირების შეხვედრები საჯარო სკოლების მოსწავლეებთან - ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი, თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე და სწავლების ცენტრის დირექტორი ნათია ზაალიშვილი თბილისის პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლის და 192-ე საჯარო სკოლის XI-XII კლასის მოსწავლეებს შეხვდნენ; ახალგაზრდებს მიაწოდეს ინფორმაცია საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის, მათ შორის საარჩევნო პროცესში გამოწვევის სახით არსებული დეზინფორმაციის მიმართულებით გატარებული პრევენციული ღონისძიებების თაობაზე, ასევე, განიხილეს პილოტურ რეჟიმში თანამედროვე საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენების საკითხები.
პანდემიური მდგომარეობიდან გამომდინარე ქვეყანაში მოქმედი სახელმწიფო საგანმანათლებლო პოლიტიკის შესაბამისად, საინფორმაციო-სასწავლო პროგრამა ორი ფორმით განხორციელდა:
2022 წელს განხორციელებული სასწავლო პროგრამა გაიარა 300 საჯარო სკოლის 5886 მოსწავლემ (ქალი-3487; კაცი-2399), მათ შორის, ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ მუნიციპალიტეტებში (ბოლნისი, დმანისი, წალკა, მარნეული, გარდაბანი, თეთრიწყარო, ახმეტა, საგარეჯო, ლაგოდეხი, თელავი, ახალქალაქი, ნინოწმინდა, ახალციხე) განლაგებული 48 საჯარო სკოლის 853 მოსწავლემ (ქალი-490; კაცი-363).
პროექტი 2015 წლიდან ხორციელდება და ახალგაზრდების საარჩევნო ცნობიერების ამაღლებას, სამოქალაქო პასუხისმგებლობის ზრდის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. დღემდე საინფორმაციო-სასწავლო პროგრამა 64 მუნიციპალიტეტში განლაგებული 1038 საჯარო სკოლის XI-XII კლასის 19000-მდე მოსწავლემ გაიარა.
ცესკო და სწავლების ცენტრი გულითად მადლობას უხდის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საგანმანათლებლო რესურსცენტრებს, საჯარო სკოლების დირექციასა და მოსწავლეებს პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის.