სწავლების ცენტრმა, პარტნიორ უნივერსიტეტებთან გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში საარჩევნო სამართლის საავტორო პროგრამის განხორციელება დაიწყო.
სემესტრული სასწავლო პროგრამის ფარგლებში იურიდიული ფაკულტეტის, სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის, ჟურნალისტიკის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები არჩევნებთან დაკავშირებით დეტალურად გაეცნობიან შიდასახელმწიფოებრივ რეგულაციებს და განიხილავენ საერთაშორისო საარჩევნო პრაქტიკას.
ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მიღებული სახელმწიფო პოლიტიკის გათვალისწინებით, თბილისსა და რეგიონებში მდებარე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში საგანმანათლებლო პროგრამა საარჩევნო სამართალში განხორციელდება როგორც ონლაინ პლატფორმების, ასევე აუდიტორიული სწავლების ფორმატის გამოყენებით.
საარჩევნო სამართლის სასწავლო პროგრამა 2010 წლიდან ხორციელდება. სასწავლო კურსი დღემდე 6300-ზე მეტმა სტუდენტმა გაიარა. პროგრამა პროფესიული ცოდნის გაღრმავებასთან ერთად, ახალგაზრდების პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.