2021 წლის 29 სექტემბერს, ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა და სწავლების ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა უცხო ქვეყნის საელჩოებისა და დელეგაციების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს, რომელიც 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებული საკითხების განხილვას დაეთმო.
ცესკოს თავმჯდომარემ იმ მნიშვნელოვან ინიციატივებსა და აქტივობებზე გაამახვილა ყურადღება, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნების გამჭვირვალე და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად ახორციელებს.
სწავლების ცენტრის დირექტორმა შეხვედრის ფარგლებში მიმოიხილა ძირითადი საკანონმდებლო სიახლეები, კენჭისყრის დღისთვის დადგენილი პროცედურული და ეპიდემიოლოგიური რეგულაციები, მათ შორის, სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის საკითხები. ამასთან, მონაწილეებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია ცესკოს და სწავლების ცენტრის მიერ საარჩევნო კომისიების პროფესიული გადამზადების, ამომრჩეველთა და ჩართული მხარეების ინფორმირების კამპანიის, ინკლუზიური საარჩევნო გარემოს, არჩევნების სანდოობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ, მათ შორის, დეზინფორმაციისა და სიძულვილის ენის გავრცელების პრევენციის მექანიზმებზე.
შეხვედრის მონაწილეები ასევე გაეცნენ 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის N4 კრწანისის საარჩევნო ოლქში გათვალისწინებული საპილოტე პროექტის ფარგლებში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების წესსა და პროცედურულ სიახლეებს.
საინფორმაციო შეხვედრა დისტანციურ ფორმატში წარიმართა და მასში მონაწილეობა საქართველოში მოქმედი უცხო ქვეყნის საელჩოებისა და დელეგაციების 14-მა წარმომადგენელმა მიიღო, მათ შორის: არაბეთის გაერთიანებული საემიროები (მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი); შვეიცარია (მისიის ხელმძღვანელის მოადგილე); ლიეტუვა (სრულუფლებიანი დესპანი); შვედეთის სამეფო (პირველი მდივანი - პოლიტიკურ საკითხებში); კანადა (მეორე მდივანი პოლიტიკურ საკითხებში); ნიდერლანდები (პოლიტიკური ოფიცერი); იტალია (მისიის წარმომადგენელი); იაპონია (მისიის წარმომადგენელი); მოლდოვა (მისიის წარმომადგენელი); ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონული წარმომადგენლობა სამხრეთ კავკასიაში (ხელმძღვანელი); გაეროს რეგიონული კოორდინატორის ოფისი საქართველოში (ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი); საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს საქართველოს ოფისი (ოფისის ხელმძღვანელი); ნატოს სამეკავშირეო ოფისი (პოლიტიკური ოფიცერი); მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი (წარმომადგენელი).