2021 წლის 2 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის N4 კრწანისის საარჩევნო ოლქში ტექნოლოგიების გამოყენებით საპილოტე პროექტის განსახორციელებლად, საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები ინტენსიურ სწავლებას გადიან.
სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული კონცეფციის შესაბამისად, 14-16 სექტემბრის პერიოდში ტრენინგები ჩაუტარდათ 31 საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირებს (თავმჯდომარე, მოადგილე, მდივანი). 17 სექტემბერს იწყება მორიგი ეტაპი, რომელიც ეთმობა საარჩევნო კომისიების სრული შემადგენლობის გადამზადებას.
პრაქტიკულ სწავლებაზე დაფუძნებით კომისიების წევრები გაეცნობიან ხმის მთვლელი სპეციალური აპარატის ფუნქციონირების წესს, ეპიდემიოლოგიური პროტოკოლის დაცვით კენჭისყრის პროცესში საარჩევნო კომისიის მიერ განსახორციელებელ საქმიანობას და საპილოტე პროექტისთვის გათვალისწინებულ პროცედურულ სიახლეებს, რომელიც უკავშირდება ამომრჩევლის მიერ საარჩევნო ბიულეტენის შევსების წესს, ასევე, საარჩევნო ბიულეტენების დათვლა-დახარისხების რეგულაციებს.
ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები ხმის დათვლის სპეციალური აპარატის გამოყენებით განახორციელებენ კენჭისყრის პროცესის ეპიზოდურ ინსცენირებებს, საარჩევნო ბიულეტენების დახარისხების/დათვლის სიმულაციას; ასევე, ყურადღება გამახვილდება შემაჯამებელი ოქმის შედგენის ტექნიკაზე. ამასთან, საარჩევნო კომისიების წევრები მიიღებენ შესაბამის ინსტრუქტაჟს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩეველთა კენჭისყრაში მონაწილეობის საკითხებზე.
სასწავლო პროცესი პანდემიასთან დაკავშირებული ყველა რეკომენდაციის დაცვით მიმდინარეობს. სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებული ტრენერები ტრენინგების ჩატარებას უზრუნველყოფენ 17-25 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში. გრაფიკი ხელმისაწვდომია ბმულზე. მასში ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, ინფორმაცია აისახება დაუყოვნებლივ.