ცესკოს სწავლების ცენტრმა 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის დამკვირვებლად რეგისტრირებული ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საარჩევნო სუბიექტების (პოლიტიკური პარტიები/საინიციატივო ჯგუფები) წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
ღონისძიება სწავლების ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა გახსნა, რომელმაც ყურადღება გაამახვილა არჩევნების დემოკრატიულად წარმართვის მიზნებისთვის საარჩევნო პროცესში ჩართული მხარეების აქტიური მონაწილეობისა და მათ მიერ საქმიანობის კანონმდებლობით განსაზღვრული მანდატის ფარგლებში განხორციელების მნიშვნელობაზე.
საინფორმაციო შეხვედრის ფარგლებში სწავლების ცენტრის წარმომადგენლებმა მონაწილეებთან ერთად განიხილეს საკანონმდებლო სიახლეები და შემდეგი ძირითადი საკითხები: დემოკრატიული არჩევნების ჩატარების ძირითადი პრინციპები და მათ უზრუნველსაყოფად არჩევნებში ჩართული მხარეების როლის მნიშვნელობა, მანდატი ეთიკური და სამართლებრივი ჩარჩოს ფარგლებში; სიძულვილის ენასთან ბრძოლა საარჩევნო პროცესში; კენჭისყრის დღე და პანდემიის პირობებში კენჭისყრის პროცესის ჩატარებასთან დაკავშირებული რეგულაციები; ამომრჩევლთა საარჩევნო უფლებების რეალიზება (მათ შორის, რეგულაციები ხმის მიცემის პროცესში ფარულობისა და კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობისას ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველსაყოფად); ფოტო-ვიდეოგადაღების რეგულაციები საარჩევნო უბანზე, მათ შორის ხმის დათვლის პროცესის აუდიო-ვიდეოფიქსაციის წესი; კენჭისყრის შედეგების შეჯამება; კენჭისყრის დღის საჩივრის/განცხადების შედგენის საფუძველი და ტექნიკა; საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების გადამოწმება/ხელახლა დათვლა და ამ პროცესში ჩართული მხარეების მონაწილეობის ასპექტები.
შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია 2021 წლის 2 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის N4 კრწანისის საარჩევნო ოლქში გათვალისწინებული საპილოტე პროექტის ფარგლებში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების წესსა და პროცედურულ სიახლეებთან მიმართებით.
საინფორმაციო შეხვედრა 2021 წლის 11 სექტემბერს დისტანციურ ფორმატში ჩატარდა და მასში მონაწილეობა მიიღო 14 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის 31 წარმომადგენელმა და 17 საარჩევნო სუბიექტის 43 წარმომადგენელმა.