18 აგვისტოს შშმ პირთა საკითხზე მომუშავე ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. დისტანციური შეხვედრა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გახსნა. გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრაზე შშმ ამომრჩევლების საჭიროებებზე და იმ ღონისძიებებზე ისაუბრა, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის თანაბარი საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის მიზნით ახორციელებს. ცესკოს თავმჯდომარის განცხადებით, სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში მყოფი არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციების გათვალისწინებით, ცესკოს სწავლების ცენტრმა უკვე გადაამზადა ტრენერები, რომლებიც თავის მხრივ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს მიაწოდებენ დეტალურ ინფორმაციას თუ რა სერვისები უნდა შესთავაზონ შშმ ამომრჩეველს არჩევნების დღეს. მისივე თქმით, შესაბამისი უწყებებიდან უკვე გამოთხოვილია ინფორმაცია ადაპტირებული/მისაწვდომი შენობა-ნაგებობების შესახებ; ასეთი საუბნო საარჩევნო კომისიების თაობაზე, ცესკო საკუთარ ვებგვერდზე გაასაჯაროებს ინფორმაციას. საარჩევნო უბნებზე გათვალისწინებული იქნება უსინათლო და მცირემხედველი, ასევე ყრუ, სმენადაქვეითებულ და მხარდაჭერის მიმღები ამომრჩევლების საჭიროებები.
სამუშაო ჯგუფის დღევანდელ შეხვედრას ასევე ესწრებოდა ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სიორიძე. მან შშმ პირთა საკითხებზე მუშაობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.
შეხვედრას კოორდინაცია და ინფორმაციული უზრუნველყოფა ჯგუფის ხელმძღვანელმა და კოორდინაციის დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის უფროსმა სოფიო სიჭინავამ გაუწია.
შშმ პირთა საკითხზე მომუშავე ჯგუფის სამუშაო შეხვედრა დისტანციურად „ზუმის“ აპლიკაციის საშუალებით გაიმართა, შეხვედრაზე უზრუნველყოფილი იყო სურდოთარგმანი.