EN

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

დასრულდა საინფორმაციო-სასწავლო პროექტი „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები“

ცესკომ და სწავლების ცენტრმა, 2021 წლის 31 მაისიდან 12 ივნისის ჩათვლით პერიოდში, 64 მუნიციპალიტეტში განახორციელა საინფორმაციო-სასწავლო პროექტი „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები - საუბნო საარჩევნო კომისიების პოტენციური წევრებისთვის“.

სამოქალაქო საარჩევნო ცნობიერების ამაღლებასა და საარჩევნო ადმინისტრაციის კვალიფიციური პოტენციური საკადრო რესურსის გამოვლენა-განვითარებაზე ორიენტირებული პროფილური სასწავლო პროგრამის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ შემდეგ ძირითად საკითხებს:

  • დემოკრატიული საარჩევნო პროცესის სახელმძღვანელო პრინციპები (მათ შორის, ხმის მიცემის ფარულობის პრინციპი);
  • საარჩევნო ადმინისტრაციის სტრუქტურა, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის საქმიანობის სახელმძღვანელო პრინციპები (ეთიკის კოდექსი);
  • საუბნო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის მიმოხილვა (საუბნო საარჩევნო კომისიის მუშაობის წესი);
  • საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობა კენჭისყრის დღემდე პერიოდში;
  • საარჩევნო უბნის გახსნა და კენჭისყრის დაწყებამდე ჩასატარებელი პროცედურები;
  • კენჭისყრის პროცესში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა მიერ ფუნქციების შესრულება და ხმის მიცემის პროცედურა;
  • კენჭისყრის მიმდინარეობისას პროცედურული რისკების იდენტიფიცირება და რეაგირება;
  • ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დაცვა;
  • საარჩევნო უბნის დახურვა;
  • საარჩევნო ბიულეტენების დათვლა, კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენა და საჯაროობა;
  • კენჭისყრის დღის განცხადება/საჩივრები.

ტრენინგები  კომბინირებული მეთოდოლოგიის გამოყენებით ჩატარდა, მათ შორის, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაღრმავების უზრუნველსაყოფად მონაწილეების ჩართულობით ეპიზოდური ინსცენირებები განხორციელდა (საარჩევნო ყუთის გახსნა და საარჩევნო ბიულეტენების დახარისხება/დათვალა/დალუქვა; კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების შედგენა).

საინფორმაციო-სასწავლო პროექტში მონაწილეობა მიიღო 11 889 მოქალაქემ, რომლებმაც შესაბამისი რეგისტრაცია გაიარეს საოლქო საარჩევნო კომისიებში. სასწავლო კურსი სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებულმა ტრენერებმა განახორციელეს (148 ტრენერი), მათ შორის, პროექტში ტრენერების სტატუსით ჩართულები იყვნენ საოლქო საარჩევნო კომისიების წევრები.

საინფორმაციო-სასწავლო პროექტი პანდემიასთან დაკავშირებული ყველა რეკომენდაციის დაცვით წარიმართა.

ცესკო და სწავლების ცენტრი აღნიშნულ პროექტს 2015 წლიდან ახორციელებს. დღემდე „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები“ 39 140-მა მონაწილემ გაიარა.