ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან (ცესკო) თანამშრომლობით ევროპის საბჭოს ოფისმა საქართველოში დისტანციური სამუშაო შეხვედრა თემაზე: „გენდერული თანასწორობის მეინსტრიმინგი და ინტერსექციული პერსპექტივები საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში“ გამართა.
სამუშაო შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით გახსნეს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა ნატალია ვუტოვამ და საქართველოში შვედეთის საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ერიკ ილესმა.
ცესკოს თავმჯდომარე, ცესკოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები, ცესკოს დეპარტამენტების ხელმძღვანელები, ცესკოსა და სწავლების ცენტრის თანამშრომლები ევროპის საბჭოს ექსპერტებთან ერთად აქტიურად იყვნენ ჩართული ორდღიან დისკუსიაში. შეხვედრის მონაწილეებმა გაცვალეს მოსაზრებები გენდერული თანასწორობის ჭრილში ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების სამართლებრივ და პოლიტიკურ ინსტრუმენტებზე, პოლიტიკური და საზოგადოებრივი მნიშვნელობის საკითხების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებაში ქალებისა და მამაკაცების დაბალანსებულ მონაწილეობაზე, გენდერული თანასწორობისა და ინტერსექციული პერსპექტივების მხარდამჭერი ზომების და კარგი პრაქტიკის შესახებ. ასევე ისაუბრეს გენდერული სტერეოტიპების წინააღმდეგ ბრძოლისა და გენდერულად მგრძნობიარე სამუშაო გარემოს ხელშეწყობის შესახებ. სამუშაო შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს პრაქტიკულ ნაბიჯებზე, რომლებიც მიზნად ისახავს გენდერული თანასწორობის მეინსტრიმინგისა და ინტერსექციული პერსპექტივების ინტეგრირებას არჩევნების ადმინისტრირების სხვადასხვა ეტაპზე და საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის ძირითად მიმართულებებში.
სამუშაო შეხვედრის მიზანი იყო საარჩევნო ადმინისტრაციის შესაძლებლობების კიდევ უფრო გაძლიერება, კერძოდ კი, გენდერული თანასწორობის საბჭოს ევროპულ სტანდარტებთან და კარგ პრაქტიკასთან დაახლოება.
სამუშაო შეხვედრა, რომელიც 13-14 მაისს გაიმართა, ევროპის საბჭოს პროექტის „საარჩევნო პრაქტიკისა და პროცესის გამჭვირვალობის, ინკლუზიურობისა და სანდოობის მხარდაჭერა საქართველოში“ ხელშეწყობით იყო ორგანიზებული.