საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა პროფესიული გადამზადების მიზნით, სწავლების ცენტრმა, ცესკოსთან თანამშრომლობით, შეიმუშავა ტრენინგების კონცეფცია.
აღნიშნული კონცეფციის შესაბამისად, საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის გათვალისწინებულია ინსტრუქტაჟის ჩატარება ორ ეტაპად:
- I ეტაპი - 63 საოლქო საარჩევნო კომისიის (20 ძირითადი და 43 დამხმარე კომისია) წევრებს ჩაუტარდებათ ინსტრუქტაჟი ძირითადი და დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე.
2020 წლის 10-16 სექტემბერის პერიოდში, საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის ინსტრუქტაჟის ჩატარებას უზრუნველყოფენ საოლქო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირები. გრაფიკი განთავსებულია ბმულზე.
- II ეტაპი - 73 საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს ჩაუტარდებათ ინსტრუქტაჟი შემდეგ ძირითად საკითხებზე: საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს შორის საქმიანობის კოორდინაცია/კომუნიკაცია (მათ შორის, საორგანიზაციო-ლოჯისტიკურ საკითხებზე); პანდემიის პირობებში არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარებასთან დაკავშირებული რეგულაციები; ამომრჩეველთა სიები; კენჭისყრის დღე და საარჩევნო ოპერაციების მართვა; არჩევნების კენჭისყრის შედეგების შეჯამება საოლქო საარჩევნო კომისიაში; არჩევნების საანდოობა და უსაფრთხოება.
2020 წლის 19-22 სექტემბერის პერიოდში, საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის ინსტრუქტაჟის ჩატარებას, ონლაინ ფორმატში, უზრუნველყოფს სწავლების ცენტრი.
საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების ტრენინგები, კონცეფციის შესაბამისად, ჩატარდება ოთხ ეტაპად, რომლის ფარგლებშიც საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირები და წევრები, სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული პროფილური პროგრამებით, გაივლიან სწავლებას კომპეტენციას მიკუთვნებულ შემდეგ ძირითად საკითხებზე:
- დემოკრატიული არჩევნების ჩატარების ძირითადი პრინციპები და მათ უზრუნველსაყოფად საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა როლის მნიშვნელობა, მანდატი ეთიკური და სამართლებრივი ჩარჩოს ფარგლებში;
- საუბნო საარჩევნო კომისიის სამუშაო რეჟიმი და რეგლამენტით განსაზღვრული უფლებამოსილებები; დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძვლები;
- საოლქო საარჩევნო კომისიებთან საუბნო საარჩევნო კომისიების საქმიანობის კოორდინაცია/კომუნიკაცია (მათ შორის, საორგანიზაციო-ლოჯისტიკურ საკითხებზე);
- საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობა კენჭისყრის დღემდე პერიოდში (მათ შორის, საკანონმდებლო სიახლე - ადაპტირებული საარჩევნო უბნის სპეციალურ სიაში ამომრჩეველთა შეყვანის საკითხი);
- კენჭისყრის დღეს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა მიერ შესასრულებელი ფუნქციები;
- ამომრჩეველთა მიერ ხმის მიცემის წესი (მათ შორის, ნების თავისუფალი გამოვლენისა და ხმის მიცემის ფარულობის პრინციპი);
- ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხები;
- საარჩევნო უბნის დახურვა, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ფუნქციები საარჩევნო ბიულეტენების დახარისხება/დათვლა/დალუქვის პროცესში;
- კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენა და საჯაროობა;
- არჩევნების უსაფრთხოება;
- ფოტო-ვიდეოგადაღების რეგულაციები საარჩევნო უბანზე;
- კენჭისყრის დღის განცხადება/საჩივრები;
- პანდემიის პირობებში არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარებასთან დაკავშირებული რეგულაციები.
საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების ტრენინგების ჩატარებას უზრუნველყოფს სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებული 190 ტრენერი. საარჩევნო კომისიების წევრთა პროცედურული ცოდნის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, ტრენინგი ჩატარდება კომბინირებული მეთოდოლოგიის გამოყენებით, მათ შორის, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაღრმავების უზრუნველსაყოფად მონაწილეები განახორციელებენ ეპიზოდურ ინსცენირებებს.
საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგები განხორციელდება 2020 წლის 24 სექტემბრიდან 25 ოქტომბრის პერიოდში. ტრენინგების დეტალური გრაფიკები ცესკოსა და სწავლების ცენტრის ვებ-გვერდზე გასაჯაროვდება ეტაპობრივად.