2020 წლის 10-11 აგვისტოს, საქართველოს გაეროს ასოციაციის „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ (PITA) ფარგლებში, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრთან პარტნიორობით ჩატარდა ტრენერთა ტრენინგი თემაზე „საინფორმაციო კურსი ახალგაზრდა ამორმჩევლებისთვის“.
ტრენინგში მონაწილეობა მიიღო პროგრამა PITA-ს ფარგლებში მოქმედი 14 ახალგაზრდული ცენტრის 28 წარმომადგენელმა 13 მუნიციპალიტეტიდან. გადამზადებული ახალგაზრდები 3 თვის განმავლობაში, საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში და სოფელში (მათ შორის ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ მუნიციპალიტეტებში) ახალგაზრდა ამომრჩეველს მიაწოდებენ ინფორმაციას არჩევნებთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: არჩევნების არსი; არჩევითი ორგანოები საქართველოში (საარჩევნო სისტემის ძირითადი სიახლეები საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის); დემოკრატიული არჩევნების ჩატარების პრინციპები; ამომრჩევლის არჩევნებში მონაწილეობის მნიშვნელობა და საარჩევნო უფლების რეალიზება; COVID 19-ის პირობებში არჩევნების ორგანიზება; დეზინფორმაციის პრევენცია არჩევნებში - საარჩევნო ადმინისტრაციასა და მოქალაქეებს შორის ხელმისაწვდომი საკომუნიკაციო არხები.
ტრენინგში მონაწილე ახალგაზრებს სიტყვით მიმართეს ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ და PITA-ს პროგრამის ხელმძღვანელმა ლაშა ჯუღელმა. „ჩვენ მოხარულები ვართ ამ პროექტის ფარგლებში საქართველოს გაეროს ასოციაციასთან თანამშრომლობის კუთხით, ვინაიდან ახალგაზრდების ჩართულობა, მათი მონაწილეობა 2020 წლის პარლამენტის არჩევნებში ძალიან მნიშვნელოვანია და ვფიქრობ ეს ტრენინგი, ეს განათლება ხელს შეუწყობს ცოდნასა და ინფორმაციაზე დაფუძნებულ ჩართულობას არჩევნებში, რაც ცხადია არსებითია ქვეყნის მომავალი განვითარებისა და დემოკრატიული წინსვლისთვის“ - განაცხადა თამარ ჟვანიამ.
ტრენერთა ტრენინგი ახალგაზრდებისთვის ცესკოს სწავლების ცენტრის თანამშრომლებმა ჩაატარეს. პროგრამა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.