2020 წლის 4 აგვისტოდან საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სასერტიფიკაციო გამოცდები იწყება. სერტიფიცირების მიზანია საქართველოს მოქალაქის საარჩევნო კანონმდებლობის ცოდნისა და ზოგადი უნარების დადგენა, შემდგომში საარჩევნო ადმინისტრაციის მაღალკვალიფიციური მოხელეების შერჩევის მიზნით.
სასერტიფიკაციო გამოცდების ჩატარებას უზრუნველყოფს სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი (სწავლების ცენტრი).
გამოცდის ჩაბარების მსურველთა რეგისტრაცია ხორციელდება 2020 წლის 24 ივლისის 10:00 საათიდან 30 ივლისის ჩათვლით, 24:00 საათამდე, დისტანციურად, ელექტრონული ფორმით, შემდეგ მისამართზე: http://registration.cec.gov.ge/
გამოცდაზე დისტანციურად, ელექტრონული ფორმით, რეგისტრაციის ინსტრუქცია:
შევსებული ელექტრონული განაცხადის გაგზავნისთანავე გამოცდის ჩაბარების მსურველი ავტომატურ რეჟიმში ელექტრონულად იღებს შეტყობინებას რეგისტრაციის დადასტურების შესახებ (გამოცდაზე გამოცხადების თარიღის, დროისა და ადგილის მითითებით).
გამოცდის ჩაბარების მსურველებს რეგისტრაციის მიზნით აგრეთვე შეუძლიათ მიმართონ სწავლების ცენტრის სასერტიფიკაციო გამოცდის სამდივნოს, 2020 წლის 24 ივლისიდან 30 ივლისის ჩათვლით, მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ (ცესკოს შენობა), 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შაბათ - კვირისა და უქმე დღეების გარდა. სამდივნოს უნდა წარედგინოს საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი.
სასერტიფიკაციო გამოცდები ტარდება მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ. (ცესკოს შენობა). გამოცდის მიმდინარეობისას დაცული იქნება პანდემიასთან დაკავშირებული ყველა რეკომენდაცია. პრევენციული ზომებიდან გამომდინარე, გამოცდის ჩაბარების მსურველი გამოცდაზე უნდა გამოცხადდეს სამედიცინო პირბადით.
იხილეთ გამოცდის ჩატარების წესი
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 261 21 11 (17)