ცესკო და სწავლების ცენტრი, 2020 წლის 16 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით პერიოდში, 64 მუნიციპალიტეტში განახორციელებს საინფორმაციო-სასწავლო პროექტს „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები - საუბნო საარჩევნო კომისიების პოტენციური წევრებისთვის“.
აღნიშნული კურსი ითვალისწინებს პროფილურ სწავლებას და მიზნად ისახავს სამოქალაქო საარჩევნო ცნობიერების ამაღლებას და საარჩევნო ადმინისტრაციის კვალიფიციური საკადრო რესურსის ფორმირების ხელშეწყობას. სამ დღიანი სასწავლო პროგრამის ფარგლებში მონაწილეები პრაქტიკული სწავლების ფორმატში გაეცნობიან კენჭისყრის დღის პროცედურებსა და საუბნო საარჩევნო კომისიის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს.
სასწავლო პროექტში მონაწილეობას იღებენ საქართველოს მოქალაქეები, რომლებმაც შესაბამისი რეგისტრაცია გაიარეს საოლქო საარჩევნო კომისიებში, 2020 წლის 16 მარტიდან 27 მარტის ჩათვლით პერიოდში.
სასწავლო კურსების ჩატარებას სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებული საოლქო საარჩევნო კომისიების წევრები და საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენერები უზრუნველყოფენ (157 ტრენერი).
ტრენერთა გადამზადება ეტაპობრივად განხორციელდა. სწავლება ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ და სწავლების ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა გახსნეს. 2020 წლის 6-10 ივლისის პერიოდში, ტრენერთა ტრენინგი დისტანციური სწავლების ფორმით ჩატარდა. ამ ეტაპზე, გადამზადების პროცესი ადგილზე ტრენინგის ფორმატში მიმდინარეობს და მოიცავს 2020 წლის 15-22 ივლისის პერიოდს.
სასწავლო პროექტის „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები - საუბნო საარჩევნო კომისიების პოტენციური წევრებისთვის“ განხორციელების გრაფიკი იხილეთ ბმულზე. გრაფიკში ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, ინფორმაცია აისახება დაუყოვნებლივ.