ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციისა და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის (სწავლების ცენტრი) მიერ 2019 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში მოამზადა.
ანგარიში საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციისა და სწავლების ცენტრის მიერ 2019 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრამდე პერიოდში განხორციელებული საქმიანობების აღწერას მოიცავს.
2019 წელს საარჩევნო ადმინისტრაციამ ჩაატარა საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები ერთ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, მერის რიგგარეშე არჩევნები ხუთ მუნიციპალიტეტსა და საკრებულოს შუალედური არჩევნები ‒ 11 მუნიციპალიტეტში.
აღსანიშნავია, რომ 2019 წელს რიგგარეშე/შუალედური არჩევნებისთვის გაიზარდა ელექტრონული რეგისტრაციის პროგრამის შესაძლებლობები. ამასთან, ორი საარჩევნო ოლქის რვა საარჩევნო უბანზე ელექტრონული საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებით წარმატებით განხორციელდა ხმის ელექტრონული დათვლის საპილოტე პროექტის შემდეგი ეტაპი.
განხორციელებულმა რეფორმებმა და მართვის თანამედროვე მეთოდებმა ხელი შეუწყო საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მაღალი სტანდარტის ხარისხის მართვის სისტემის დანერგვას. მართვის სისტემის საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნებთან შესაბამისობა 2019 წელს დადასტურდა ISO 9001:2015 სერტიფიკატით. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია პირველი საარჩევნო ადმინისტრაციაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, რომელსაც არჩევნების მართვის სფეროში აქვს ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტი.
2019 წელს ცესკომ სამოქალაქო ორგანიზაციებს თანამშრომლობის ახალი ფორმატი, „ვიმსჯელოთ ერთად“, შესთავაზა. ეს არის ახალი სადისკუსიო პლატფორმა, რომელიც მნიშვნელოვან საარჩევნო საკითხებზე პოზიციების გაცვლისა და მსჯელობისთვის შეიქმნა.
ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის მიმართულებით გაწეული საქმიანობისთვის საარჩევნო ადმინისტრაციამ 2019 წელს მიიღო საერთაშორისო ჯილდო „უსინათლო ამომრჩევლებისთვის საარჩევნო ბიულეტენის შესავსები ჩარჩო/ფორმის დანერგვისთვის“, ასევე მადლობის სიგელი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების საკითხში მხარდაჭერისა და წარმატებული თანამშრომლობისთვის“.
აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა ქვეყნების საარჩევნო ადმინისტრაციების სრული მხარდაჭერით, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია 2019 წელს ევროპის საარჩევნო მოხელეთა ასოციაციის (ACEEEO) პრეზიდენტი გახდა, რომელსაც 2020 წლის განმავლობაში, ერთი წლის ვადით ხელმძღვანელობს.
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციისა და სწავლების ცენტრის საქმიანობის 2019 წლის ანგარიშის პრეზენტაცია ჩართული მხარეებისთვის, მიმდინარე წლის მარტში იყო დაგეგმილი. თუმცა, ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან არიდების მიზნით, ცესკომ გაატარა არაერთი პრევენციული ღონისძიება, მათ შორის გააუქმა საჯარო ღონისძიებები; შესაბამისად, გაუქმდა ანგარიშის პრეზენტაციაც.
ამასთან, ცესკო არჩევნებში ჩართული მხარეებისთვის უზრუნველყოფს ანგარიშის ელექტრონული ვერსიის გაგზავნას, რომელიც ასევე ხელმისაწვდომია ცესკოს ვებგვერდზე.