არჩევნების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საარჩევნო ადმინისტრაციამ „საქართველოს სტუდენტური პარლამენტის“ წევრებს უმასპინძლა. ოთხი უმაღლესი სასწავლო დაწესებულების სტუდენტებს ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე შეხვდა და არჩევნების მნიშვნელობაზე ესაუბრა.
„დღეს არის არჩევნების საერთაშორისო დღე. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ხელისუფლების ჩამოყალიბების ერთადერთი გზა, ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში არის არჩევნები. მიუხედავად უამრავი სირთულისა, საქართველო თავის გამოცდილებით, წარსულით, აწმყოთი და მომავლით ადგას განვითარების გზას 1919 წლიდან - დღემდე. ჩვენ გვაქვს კომუნიკაციის ძალიან ბევრი საშუალება და მკაფიო ხედვა რათა მუდმივად გავაუმჯობესოთ საკუთარი საქმიანობა არჩევნებში ჩართული მხარეებისა და უპირველეს ყოვლისა, ამომრჩევლის საკეთილდღეოდ. სწორედ ასეთი მიდგომა გვეხმარება შევინარჩუნოთ და გავზარდოთ არჩევნების სანდოობისა და ხარისხის მაჩვენებელი“- განაცხადა გიორგი შარაბიძემ ახალგაზრდებთან შეხვედრისას.
ვიზიტის ფარგლებში ახალგაზრდებს ცესკოს სწავლების ცენტრის წარმომადგენელმა, ნათია იოსელიანმა სემინარი ჩაუტარა. მათთვის, ასევე მოეწყო იმიტირებული კენჭისყრის პროცესი: ახალგაზრდებმა პრაქტიკაში განახორციელეს ყველა ის ეტაპი, რომელსაც ამომრჩეველი არჩევნების დღეს საარჩევნო უბანზე გადის.
ახალგაზრდები გაეცნენ ისტორიულ ფოტო გამოფენას, რომელიც არჩევნების ისტორიას ასახავს. ვიზიტის დასასრულს მათ დაათვალიერეს ცესკოს ბიბლიოთეკაც, სადაც საარჩევნო დოკუმენტებსა და საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ სხვადასხვა დროს მიღებულ ჯილდოებს გაეცნენ.
არჩევნების საერთაშორისო დღე 2005 წლიდან ყოველ წელიწადს, თებერვლის პირველ ხუთშაბათს აღინიშნება. მისი ინიცირება მოხდა ევროპის საარჩევნო მოხელეთა ასოციაციის (ACEEEO) მიერ 2005 წლის სექტემბერში გამართულ გლობალურ კონფერენციაზე, სადაც კონფერენციის მონაწილეებმა - არჩევნების სფეროში მომუშავე ექსპერტებმა და საარჩევნო მოხელეებმა წამოაყენეს ინიციატივა დაეწესებინათ ყოველწლიური თარიღი, რომელიც მიეძღვნებოდა არჩევნებს.