2019 წლის 17 ნოემბერს დასრულდა საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველთა რეგისტრაცია.
აღსანიშნავია, რომ დღემდე სასერტიფიკაციო გამოცდები ტარდებოდა თბილისში მოქმედ საგამოცდო ცენტრში, წელს კი სერვისის გაუმჯობესების მიზნით დამატებით გაიხსნა ახალი საგამოცდო ცენტრი ქუთაისში და მოქალაქეებს ჰქონდათ შესაძლებლობა გამოცდის ჩაბარების ადგილად, სურვილისამებრ, შეერჩიათ თბილისის ან ქუთაისის საგამოცდო ცენტრი. რეგისტრაციის შედეგად გამოცდის ჩაბარების მსურველთა საერთო რაოდენობამ შეადგინა - 1122 (ქალი: 770, კაცი: 352), მათ შორის, თბილისის საგამოცდო ცენტრში დარეგისტრირდა - 785 მოქალაქე (ქალი: 522, კაცი: 263), ხოლო ქუთაისის საგამოცდო ცენტრში - 337 მოქალაქე (ქალი: 248, კაცი: 89).
საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სასერტიფიკაციო გამოცდები იწყება 2019 წლის 25 ნოემბრიდან.
თბილისის საგამოცდო ცენტრში გამოცდები ჩატარდება 4 დეკემბრის ჩათვლით (მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ., ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციული შენობა), ხოლო ქუთაისის საგამოცდო ცენტრში - 5 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში (მისამართზე: ქ. ქუთაისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი N31, N59 ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციული შენობა).
სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველი გამოცდაზე უნდა გამოცხადდეს სარეგისტრაციო ბარათში მითითებულ მისამართზე, თარიღისა და დროის დაცვით, თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი.
ქუთაისის საგამოცდო ცენტრში გამოცდის მიმდინარეობაზე დაკვირვების მიზნით დარეგისტრირდა სამი არასამთავრობო ორგანიზაცია: მოძრაობა საქართველოს ერთობისა და გაერთიანებისთვის, საქართველოს ერთიან ახალგაზრდათა კავშირი, მრავალ ეთნიკური ერთობა.
საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდების ჩატარებას უზრუნველყოფს სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი.