საარჩევნო ადმინისტრაციის და ცესკოს სწავლების ცენტრის წარმომადგენლებმა ერთ-ერთი წარმატებული პროექტის - „საარჩევნო განვითარების სკოლა" ფარგლებში 2019 წელს განხორციელებული საქმიანობა შეაჯამეს. შეხვედრა ცესკოს თავმჯდომარემ გახსნა. თამარ ჟვანიამ მონაწილეებთან პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და საარჩევნო პროცესში ახალგაზრდების ჩართულობაზე გაამახვილა ყურადღება.
შემაჯამებელ შეხვედრაზე მონაწილეებმა განიხილეს პროექტის განხორციელების ეტაპები და შედეგები. ასევე იმსჯელეს არსებულ გამოწვევებსა და სასწავლო პროექტის კიდევ უფრო დახვეწისთვის საჭირო ქმედებებზე. პროექტის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა თამაზ შარმანაშვილმა წარადგინა პრეზენტაცია, სადაც დეტალურად ისაუბრა სასწავლო კურსის შესახებ. მან ყურადღება გაამახვილა სასწავლო მოდულებსა და თემატიკაზე, ასევე წარმოადგინა დეტალური სტატისტიკა პროექტის დაწყებიდან დღემდე მიღწეული შედეგების შესახებ. შემაჯამებელი შეხვედრის ფარგლებში, სამუშაო ჯგუფების ფორმატში, მონაწილეებმა პროექტის მომავალი განვითარებისათვის შეიმუშავეს შესაბამისი მოსაზრებები, რეკომენდაციები და სამომავლო გეგმებიც დასახეს.
„საარჩევნო განვითარების სკოლა“ 2015 წლიდან ევროპის საბჭოსა (CoE) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით ხორციელდება. საწყის ეტაპზე, 2015 წელს პროექტი 10 მუნიციპალიტეტში განხორციელდა. უკვე 2019 წელს სკოლების რაოდენობა 27-ამდე გაიზარდა და თბილისსა და 25 მუნიციპალიტეტში განხორციელდა. წარმატებული კურსდამთავრებულები საარჩევნო პერიოდში გადიოდნენ სტაჟირებას სხვადახვა საოლქო საარჩევნო კომისიაში. საერთო ჯამში სასწავლო კურსის წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი 2500-მდე ახალგაზრდამ მიიღო. სასწავლო კურსის მოდულები მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიც არის - საარჩევნო ციკლი, არჩევნების საკანონმდებლო რეგულირება, ევროპის პარლამენტი, არჩევნების ისტორია, 1919 წლის დამფუძნებელი კრების არჩევნები, საარჩევნო სისტემები საქართველოში, საარჩევნო გარემოს ინკლუზიურობა, გენდერული თანასწორობა, კენჭისყრის დღის პროცედურები და სხვა.
ორდღიანი სამუშაო შეხვედრა ბორჯომში, ევროპის საბჭოს (CoE) ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.