საზოგადოებრივი აქცია „იპოვე შენი თავი, იპოვე შენი უბანი“ დაიწყო. ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) და სწავლების ცენტრის თანამშრომლები მოქალაქეებს ამომრჩეველთა ერთიან სიაში საკუთარი მონაცემების გადამოწმებას სთავაზობენ; აწვდიან მათ ინფორმაციას 2018 წლის პრეზიდენტის არჩევნების შესახებ, საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობაზე და საკუთარი საარჩევნო უფლებების თაობაზე. „იპოვე შენი თავი, იპოვე შენი უბანი“, საინფორმაციო კამპანიის „ვესაუბრებით ამომრჩევლებს“ ფარგლებში ხორციელდება, რომელსაც უახლოეს დღეებში 73-ვე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები მოხალისეებთან ერთად შეუერთდებიან; ისინი მოქალაქეებს საქართველოს მასშტაბით ეტაპობრივად შეხვდებიან; მიაწვდიან ინფორმაციას თუ როგორ შეიძლება ამომრჩეველთა სიაში საკუთარი და ოჯახის წევრების მონაცემების გადამოწმება და მათ საინფორმაციო ბარათებსაც გადასცემენ.
უკვე მესამე წელია რაც საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს სთავაზობს მონაცემების გადამოწმებას ამომრჩეველთა სიაში ინოვაციური სერვისების (ცესკოს ვებგვერდი, მობილური აპლიკაცია, პლანშეტი, სწრაფი გადახდის აპარატები) გამოყენებით. აღნიშნული მომსახურებით ორ მილიონამდე მოქალაქემ ისარგებლა.
ცენტრალური საარჩევნო კომისია შეახსენებს მოქალაქეებს, რომ ამომრჩეველთა ერთიან სიაში ცვლილების შეტანის მოთხოვნის ბოლო ვადა მიმდინარე წლის 10 ოქტომბერია.
აღსანიშნავია, რომ საინფორმაციო კამპანიის „ვესაუბრებით ამომრჩევლებს“ პირველი ეტაპი მიმდინარე წლის დასაწყისში დაიწყო: საოლქო საარჩევნო კომისიების წევრები მოხალისეებთან ერთად ხვდებოდნენ ამომრჩევლებს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში და აწვდიდნენ ინფორმაციას, როგორც მათი საარჩევნო უფლებების, ისე საარჩევნო პროცესების, არჩევნების ისტორიის და საოლქო საარჩევნო კომისიების ფუნქცია/მოვალეობების შესახებ. კამპანიის ფარგლებში ასევე გაიმართა შეხვედრები უშუალოდ საოლქო საარჩევნო კომისიებში ამომრჩევლებთან და ჩართულ მხარეებთან.
საინფორმაციო კამპანია „ვესაუბრებით ამომრჩევლებს“ ემსახურება კიდევ უფრო ეფექტურ, უშუალო კომუნიკაციას ამომრჩეველთან, რაც ხელს უწყობს მოქალაქეების ინფორმირებულობას მათი საარჩევნო უფლებების შესახებ, თუ რა სერვისებს სთავაზობს მათ საარჩევნო ადმინისტრაცია იმისათვის, რომ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა და ჰქონდეთ შესაძლებლობა ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში შეასრულონ საკუთარი მოქალაქეობრივი ვალი.