2017 წლის 17 მარტს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არსებული ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ჯგუფი განახლებული შემადგენლობით შეიკრიბა. შეხვედრას, რომელიც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაიმართა, ცესკოს თავმჯდომარე ესწრებოდა. თამარ ჟვანია შეხვედრის მონაწილეებს იმ აქტივობებზე ესაუბრა, რომელიც საარჩევნო პროცესში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით, ცესკომ განახორციელა. სამომავლო გეგმებსა და პრიორიტეტებზე ესაუბრა შეხვედრის მონაწილეებს ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე. სწავლების ცენტრის დირექტორი, ნათია ზაალიშვილი კი შეხვედრის მონაწილეებს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ამომრჩეველთა ჩართულობის უზრუნველსაყოფად განხორციელებული და დაგეგმილი საგანმანათლებლო პროექტების შესახებ ესაუბრა. სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა სოფიო სიჭინავამ შეხვედრის მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ჩართულობის მიმართულებით სახელმწიფო სტრუქტურებთან არსებული თანამშრომლობის შესახებ. შეხვედრის მონაწილეებმა ცესკოს ინიციატივები და განხორციელებული აქტივობა დადებითად შეაფასეს, რის შემდეგაც საკუთარი რეკომენდაციებიც წარადგინეს.
სამუშაო ჯგუფი ცესკოში 2012 წლიდან მუშაობს და მისი მიზანი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ამომრჩევლებისთვის თანაბარი საარჩევნო გარემოს შექმნაა. წელს აღნიშნული ჯგუფი გაფართოვდა და მის შემადგენლობაში ცესკოსა და საოლქო საარჩევნო კომისიების, ცესკოს სწავლების ცენტრის, სახალხო დამცველის ოფისის, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შედიან.