ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ და ცესკოს სწავლების ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა ევროპის საბჭოს 2016-2019 წლის სამოქმედო გეგმის ფარგლებში ორგანიზებულ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა. შეხვედრა, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით გაიმართა.
კონფერენცია, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა კრისტიან ურსემ, თამარ ჟვანიამ და USAID-ის დემოკრატიის, მმართველობის და სოციალური განვითარების ოფისის დირექტორმა მონიკა აზიმიმ გახსნეს.
ღონისძიების მთავარი თემა 2016 წლის პარლამენტის არჩევნებზე მიღებული გამოცდილება და სამომავლო გეგმები იყო. შეხვედრას, როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ისე პოლიტიკური პარტიების ლიდერები, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, საერთაშორისო ორგანიზაციების, მედიის, და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მონაწილეებმა 2016 წლის არჩევნების დროს მიღებული გამოცდილება ევროპული და საერთაშორისო სტანდარტების ჭრილში განიხილეს და საარჩევნო პროცესების გაუმჯობესების შესახებ იმსჯელეს. მათ, ასევე ისაუბრეს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მოსალოდნელ თუ შესაძლო გამოწვევებზე. USAID-ის და IFES-ის წარმომადგენლებმა მონაწილეებს, ასევე მიაწოდეს ინფორმაცია საკუთარი საარჩევნო პროექტების მიმდინარეობის შესახებ.
როგორც ცესკოს თავმჯდომარემ კონფერენციაზე აღნიშნა, საარჩევნო პროცესების გამჭვირვალობას და საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების გაზრდას, საარჩევნო ადმინისტრაციისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. „ასეთი შეხვედრები კარგ შესაძლებლობას გვაძლევს, რომ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისკენ მიმართული ყველა ნაბიჯი განვიხილოთ და ვიმსჯელოთ მიღწეული პროგრესისა და მიღებული გამოცდილების შესახებ,“ - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ და კონფერენციის ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს, IFES-ს და USAID-ს, - „მადლობას გიხდით წლების მანძილზე შედეგიანი თანამშრომლობისთვის, რითაც ხელს ვუწყობთ დემოკრატიული პროცესების განვითარებას და ჩვენი მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებების დაცვას,“ აღნიშნა თამარ ჟვანიამ.
საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა კრისტიან ურსემ ყურადღება გაამახვილა კონფერენციის მნიშვნელობაზე, რომელიც ყველა ჩართულ მხარეს შესაძლებლობას აძლევს ერთად იმსჯელონ საარჩევნო კანონმდებლობის, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე და საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მიერ წარმოდგენილი პრობლემების ეფექტური გადაჭრის გზების თაობაზე.
საქართველოში არჩევნების შემდეგ, ევროპის საბჭო და IFES-ი კონფერენციებს უკვე რამდენიმე წელია მართავენ. მსგავსი ტიპის ღონისძიებები შედგა 2012 წლის პარლამენტის, 2013 წლის პრეზიდენტის და 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდგომ.