საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდისა (IFES) და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის თანამშრომლობით, ხორციელდება პროექტი, რომლის ფარგლებში მიმდინარე წლის 14 – 21 დეკემბერს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციას წმინდა ლუისის სახელობის უნივერსიტეტის ექსპერტი დებატების დარგში - დიანა კარლინი ეწვია.
პროექტი განხორციელდება სამ ეტაპად. პირველ ეტაპზე, 15 - 16 დეკემბერს, სასტუმრო ”ბეტსი” - ში, ცესკოსა და ცენტრის ტრენერებისათვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე - დებატების კულტურა. ტრენერები გაეცნენ დებატების სახეებსა და მისი ჩატარების კულტურას, მიიღეს პრაქტიკული გამოცდილება და შეიძინეს შესაბამისი უნარ-ჩვევები.
19 დეკემბერს, პროექტის მეორე ეტაპზე, დიანა კარლინმა კავკასიის უნივერსიტეტის, სოხუმის უნივერსიტეტისა და გურამ თავართქილაძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლებიც ცენტრთან არსებულ იურიდიულ კლინიკაში გადიან საარჩევნო სამართლის სასწავლო კურსს, ჩაუტარა საჯარო ლექცია დებატების თემაზე, მან სტუდენტებს გააცნო ის ძირითადი ასპექტები რაც მნიშვნელოვანია დებატებში მონაწილების მისაღებად, ისაუბრა იმ წესებსა და ღირებულებებზე რომელთა დაცვით უნდა ჩატარდეს დებატები, უპასუხა მათთვის საინტერესო კითხვებს და გაუზიარა მათ საკუთარი გამოცდილება.
პროექტის მესამე ეტაპზე ცენტრის ტრენერების დახმარებით სტუდენტები მოაწყობენ სტუდენტურ დებატ - კლუბს, რომელიც გაიმართება 21 დეკემბერს ცესკოს საკონფერენციო დარბაზში. ღონისძიებას დაესწრებიან საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES), ცესკოსა და ცენტრის წარმომადგენლები.