2016 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტურისთვის ახალგაზრდა ამომრჩეველთა აქტივობის ზრდის ხელშეწყობის მიზნით, 26 ოქტომბერს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში და აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტში პროექტის „ინფორმირებული ახალგაზრდა ამომრჩეველი“ ფარგლებში სწავლების ცენტრმა ტრენინგ-სემინარი ჩაატარა.
არჩევნების ისტორიული ექსკურსი და თანამედროვეობა, არჩევნები და დემოკრატია, საარჩევნო ადმინისტრაცია, ჩართული მხარეები და ამომრჩეველის როლი საარჩევნო პროცესებში... ეს იმ თემების არასრული ჩამონათვალია რასაც სემინარის მონაწილეები გაეცნენ.
ტრენინგ-სემინარის დასასრულს ნაჩვენები იქნა სწავლების ცენტრის მიერ მომზადებული სარეკლამო რგოლი საარჩევნო პროცედურების შესახებ. მონაწილეებს ასევე გადაეცათ სწავლების ცენტრის მიერ მომზადებული ამომრჩევლის სამახსოვრო.
პროექტი „ინფორმირებული ახალგაზრდა ამომრჩეველი“ მიზნად ისახავს ახალგაზრდებში არჩევნების თემის პოპულარიზებას, მათი სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობასა და ინფორმირებას საარჩევნო უფლებების სრულყოფილად რეალიზების თაობაზე, რაც, თავის მხრივ, ითვალისწინებს არჩევნებში ახალგაზრდა ამომრჩევლების აქტიური ჩართულობის ზრდის ხელშეწყობას.