2016 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტურისთვის ამომრჩეველთა აქტივობის ზრდის ხელშეწყობის მიზნით სწავლების ცენტრი აქტიურ საინფორმაციო კამპანიას ახორციელებს. საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები ამომრჩევლებთან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოქმედ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებში გაიმართება.
პირველი შეხვედრა 17 ოქტომბერს მარნეულში გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ადგილობრივმა მოსახლეობამ, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებმა და ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა. სწავლების ცენტრმა მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტურის გამართვასთან დაკავშირებით და იმიტირებული არჩევნების ფორმატში გააცნო ხმის მიცემის პროცეცდურები.
მონაწილეებს გადაეცათ საინფორმაციო მასალა ამომრჩევლებისათვის საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ შეთავაზებული სერვისების შესახებ და სწავლების ცენტრის მიერ მომზადებული ამომრჩევლის სამახსოვრო.
მომდევნო საინფორმაციო შეხვედრები 18-24 ოქტომბრის პერიოდში ეტაპობრივად გორში, ახალციხეში, ქუთაისში, ზუგდიდში, ბათუმსა და საგარეჯოში გაიმართება.