2016 წლის 16 სექტემბერს სწავლების ცენტრმა ახალი ვებ-გვერდის პრეზენტაცია გამართა. შეხვედრას საარჩევნო ადმინისტრაციის, პოლიტიკური პარტიების, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„ვულოცავ მორიგ წარმატებას სწავლების ცენტრს, რომელიც განპირობებულია არა იღბლით, არამედ სწავლების ცენტრის თანამშრომელთა დაუღალავი შრომით. როგორც IFES-ის წარმომადგენელმა მინდა ვთქვა, რომ სწავლების ცენტრმა თავისი ეფექტიანი საქმიანობით მოლოდინს გადააჭარბა. ეს ინსტიტუცია სარგებლობს მაღალი ავტორიტეტით ასევე საერთაშორისო დონეზე და გახდა მაგალითის მიმცემი სხვა ქვეყნების საარჩევნო ადმინისტრაციებისთვის ანალოგიური სასწავლო ცენტრების ჩამოყალიბების მიმართულებით“ - განაცხადა IFES-ის პროექტის ხელმძღვანელმა ნერმინ ნისიჩმა.
სწავლების ცენტრის საიტი როგორც შინაარსობრივი, ისე ტექნიკური და ვიზუალური თვალსაზრისით განახლდა. მნიშვნელოვანია, რომ ვებ-გვერდი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისია, მაქსიმალურად გამარტივებულია და მორგებულია პორტატულ ტექნოლოგიებზე: მობილურ ტელეფონებსა და ე.წ. პლანშეტებზე.
სწავლების ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა სხვა ახალ სერვისებზეც გაამახვილა ყურადღება. განახლებული საიტის საძიებო სისტემის საშუალებით დაინტერესებული პირები მარტივად შეძლებენ ინფორმაციის მიღებას სწავლების ცენტრის საქმიანობის პროფილური მიმართულებების შესაბამისად: სასწავლო პროექტების ბლოკში ინფორმაცია სისტემატიზირებულია სამიზნე გჯუფების (ამომრჩეველი, საარჩევნო ადმინისტრაცია, ჩართული მხარეები) მიხედვით, ინფორმაციის მოძიება ასევე შესაძლებელია არჩევნების პერიოდის შესაბამისად; სასერტიფიკაციო გამოცდების შესახებ შემუშავებული სრუქტურულად ახალი ბლოკი მომხმარებლისთვის ქმნის შესაძლებლობას მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია გამოცდების თაობაზე; ასევე საგულისხმოა სიახლის სახით შეთავაზებული საგრანტო პროექტების საორიენტაციო რუკა, რომელიც მოიცავს დეტალურ მონაცემებს საგრანტო კონკურსების ფარგლებში დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ პროექტის განხორციელების შესახებ; პარტნიორობის ბლოკში თემატურად განთავსებულია ჩართულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობით განორციელებული პროექტების თაობაზე ინფორმაცია.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ვებ-გვერდზე ცალკე გამოიყო სტატისტიკურ მონაცემთა კატალოგები, სადაც შესაბამისი მონაცემები ხელმისაწვდომია სწავლების ცენტრის მიერ განორციელებული პროექტების მიხედვით, მათ შორის გენდერულ ჭრილში. ახალი ფორმატით არის წარმოდგენილი ელექტრონული ბიბლიოთეკა, სადაც სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებულ სასწავლო მასალებთან ერთად განთავსებულია ელექტრონული სასწავლო პროგრამები. მაქსიმალურად უზრუნველყოფილია აღნიშნული სასწავლო რესურსის ხელმისაწვდომობა ეთნიკური უმცირესობების, ინგლისურ და ჟესტურ ენებზე.
საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან (IFES) პარტნიორობით სწავლების ცენტრს დაგეგმილი აქვს ვებ-გვერდის ადაპტირება უსინათლო ამომრჩევლებისთვის.
საიტი ვებ-სტუდია „არტმედიამ“ დაამზადა.