2016 წლის 22 ივლისს პროექტის, - „საარჩევნო განვითარების სკოლების“ პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრას ცესკოს, სწავლების ცენტრის, ევროპის საბჭოს ოფისის (CoE), საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სასწავლო კურსი 18-24 წლის ახალგაზრდებისთვის არის განკუთვნილი და საქართველოს 20 მუნიციპალიტეტში 25 ივლისს დაიწყება. სწავლებაში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია 680-მა ახალგაზრდამ გაიარა.
სასწავლო კურსის მონაწილეები 10 დღის განმავლობაში შეძლებენ მიიღონ ცოდნა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა: საარჩევნო სისტემები, საარჩევნო ადმინისტრაცია, დემოკრატიული საარჩევნო პრინციპები, არჩევითი ორგანოები საქართველოში, არჩევნებში ჩართული მხარეები, არჩევნების გამჭვირვალობა და ხელმისაწვდომობა, გენდერული თანასწორობა და ა.შ.
სწავლებას საოლქო საარჩევნო კომისიების წევრები და საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენერები ჩაატარებენ; 46 ტრენერი ცესკოს სწავლების ცენტრმა გადაამზადა.
კრისტიან ურსემ მედიასთან საუბრისას საარჩევნო ადმინისტრაციისა და ევროპის საბჭოს მჭიდრო თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ევროპის საბჭო, საარჩევნო მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში ცესკოს ხელს უწყობს მომავალი სამი საარჩევნო ციკლის წარმატებით განხორციელებაში. „უშუალოდ ამ პროექტზე თანამშრომლობით კი მიზნად ვისახავთ - რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა ჩაერთოს საარჩევნო პროცესებში,“ - განაცხადა კრისტიან ურსემ.
ცესკომ, პროექტი „საარჩევნო განვითარების სკოლა“ 2015 წელს 10 საარჩევნო ოლქში დაიწყო. ახალგაზრდების დიდი ინტერესის გამო, 2015 წელს ერთის მაგივრად სამი კურსი ჩატარდა და მასში მონაწილეობა 627-მა ახალგაზრდამ მიიღო. პროექტის წარმატებით განხორციელების შემდეგ, სკოლების რაოდენობა წელს გაორმაგდა და სწავლება 20 მუნიციპალიტეტში: გურჯაანში, სიღნაღში, თელავში, რუსთავში, გარდაბანში, მარნეულში, დუშეთში, გორში, ბორჯომში, ახალციხეში, ამბროლაურში, საჩხერეში, ზესტაფონში, ქუთაისში, ოზურგეთში, სენაკში, ზუგდიდში, ფოთში, ბათუმსა და ქობულეთში ჩატარდება.
ცენტრალური საარჩევნო კომისია გეგმავს, რომ პროექტი გაფართოვდეს და მოიცვას მთელი საქართველო, რაც საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს საშუალებას მისცემს, უფრო მეტ ახალგაზრდას გაუზიარონ საკუთარი პროფესიული გამოცდილება.
„საარჩევნო განვითარების სკოლა“ ევროპის საბჭოს (CoE) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით ხორციელდება.