სწავლების ცენტრმა, პროექტისთვის „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები“, ტრენერთა მომზადება (TOT) დაიწყო. მიმდინარე წლის 17-19 მაისს, ქ. თბილისში, 25 ტრენერი გაივლის საჭირო გადამზადებას, რომლებიც შემდგომ სასწავლო კურსს მაღალმთიან და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ 22 მუნიციპალიტეტში განახორციელებენ.
აღნიშნული ინიციატივა ხელს შეუწყობს კვალიფიციური საკადრო რესურსის ფორმირებას, რაც შემდგომში უზრუნველყოფს საარჩევნო ადმინისტრაციისა და არჩევნებში ჩართული მხარეების მიერ პროფესიული კადრების შერჩევას.
ტრენინგის დაწყებამდე მონაწილეებს ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია, სწავლების ცენტრის დირექტორი ნათია ზაალიშვილი და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) პროექტის ხელმძღვანელი ნერმინ ნისიჩი მიესალმნენ, რომლებმაც აღნიშნული პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
სასწავლო კურსი „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები“ ითვალისწინებს კენჭისყრის დღეს საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობის შესწავლას, რომლის ფარგლებშიც განხილული იქნება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: კენჭისყრის დაწყებამდე ჩასატარებელი პროცედურები, კენჭისყრის პროცესი, საარჩევნო უბნის დახურვა, საარჩევნო ყუთის გახსნამდე ჩასატარებელი პროცედურები, საარჩევნო ყუთის გახსნა, კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენამდე ჩასატარებელი პროცედურები, კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენა, შემაჯამებელი ოქმის საჯაროობა, ასევე კენჭისყრის დღის განცხადება/საჩივრები.
სასწავლო კურსს ცესკო და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით ახორციელებს.