2024 წლის 12 აგვისტოდან საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების გამოცდები იწყება. სერტიფიცირების მიზანია საქართველოს მოქალაქის საარჩევნო კანონმდებლობის ცოდნის დადგენა, შემდგომში საარჩევნო ადმინისტრაციის მაღალკვალიფიციური მოხელეების შერჩევის ხელშეწყობის უზრუნველსაყოფად.
სერტიფიცირების გამოცდების ჩატარებას უზრუნველყოფს სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი (სწავლების ცენტრი).
გამოცდის ჩაბარების მსურველთა რეგისტრაცია განხორციელდება 2024 წლის 25 ივლისის 10:00 საათიდან - 31 ივლისის 24:00 საათამდე, დისტანციურად, შემდეგ მისამართზე: http://registration.cec.gov.ge/ (ვებ-გვერდზე განთავსებულია რეგისტრაციის ინსტრუქცია).
რეგისტრაციის მიზნით, დაინტერესებულ პირებს ასევე შეუძლიათ მიმართონ გამოცდის სამდივნოებს, 25 – 31 ივლისის პერიოდში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შაბათ-კვირის გარდა (გამოცდის სამდივნოების მისამართები მოცემულია ბმულზე). მოქალაქემ თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი.
საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების გამოცდები საქართველოს მასშტაბით გახსნილ 12 საგამოცდო ცენტრში ჩატარდება. მოქალაქეებს საშუალება ექნებათ აირჩიონ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში მოქმედი საგამოცდო ცენტრი: თბილისი (2 ლოკაცია), თელავი, რუსთავი, გორი, ახალციხე, ტყიბული, ქუთაისი, ზესტაფონი, ოზურგეთი, სენაკი ან ბათუმი (საგამოცდო ცენტრების მისამართები და მისაღებ მონაწილეთა ადგილების რაოდენობა მოცემულია ბმულზე).
გამოცდაზე დისტანციურად რეგისტრაციის ინსტრუქცია:
გამოცდის მიმდინარეობაზე საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით, გამოცდაზე დამკვირვებლებად დაიშვებიან აკრედიტებული ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც „საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა და ხელმძღვანელ პირთა სერტიფიცირების დებულების“ შესაბამისად უნდა აკმაყოფილებდნენ დამკვირვებელი ორგანიზაციებისათვის და დამკვირვებლებისთვის საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” დადგენილ მოთხოვნებს.
გამოცდაზე აკრედიტაცია შესაძლებელია დისტანციურად: 24 საათიან რეჟიმში, 2024 წლის 25 ივლისის 10:00 საათიდან 31 ივლისის 24:00 საათამდე, ელექტრონულ ფოსტაზე centre@electionreforms.ge განაცხადის გაგზავნის ფორმით, ასევე, შესაბამის საგამოცდო ცენტრებში სამდივნოს მეშვეობით: 2024 წლის 25 – 31 ივლისის ჩათვლით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შაბათ-კვირის გარდა.
სერტიფიცირების პროცესში უცვლელი ფორმით გამოიყენება ცესკოს განკარგულებით დამტკიცებული საგამოცდო ტესტები, რომელიც თემატურად მოიცავს საკითხებს შემდეგი ნორმატიული აქტებიდან: საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს საარჩევნო კოდექსი; „კენჭისყრის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ ცესკოს 2023 წლის 6 თებერვლის N7/2023 დადგენილება; ცესკოს 2015 წლის 25 ნოემბრის №54/2015 დადგენილებით დამტკიცებული ცესკოს რეგლამენტი; ცესკოს 2012 წლის 3 თებერვლის №2/2012 დადგენილებით დამტკიცებული საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტი; ცესკოს 2021 წლის 23 აგვისტოს №49/2021 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ეთიკის კოდექსი; „ცესკოს წევრებისა და საოლქო საარჩევნო კომისიების არჩეულ წევრთა შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული და სამსახურებრივი შეუთავსებლობის საკითხების განსაზღვრის შესახებ“ ცესკოს 2017 წლის 27 ივნისის №11/2017 დადგენილება.
სერტიფიცირება ელექტრონული ტესტირების მეთოდით წარიმართება. თითოეული გამოსაცდელისთვის შემთხვევითი შერჩევის მეთოდით, ავტომატურად შეირჩევა 24 საგამოცდო ტესტი, სერტიფიკატის მისაღებად გამოსაცდელმა უნდა დააგროვოს 15 ქულა. სერტიფიკატის მოქმედების ვადა განისაზღვრება გამოცდის ჩაბარებიდან 5 წლის ვადით.
საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების დებულება იხილეთ ბმულზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 261 21 11
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |