ინფორმაცია საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების გამოცდის ჩაბარების მსურველთა რეგისტრაციის შესახებ
2024 წლის 22 მარტიდან საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების გამოცდები იწყება. სერტიფიცირების მიზანია საქართველოს მოქალაქის საარჩევნო კანონმდებლობის ცოდნის დადგენა, შემდგომში საარჩევნო ადმინისტრაციის მაღალკვალიფიციური მოხელეების შერჩევის ხელშეწყობის უზრუნველსაყოფად.
სერტიფიცირების გამოცდების ჩატარებას უზრუნველყოფს სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი (სწავლების ცენტრი).
გამოცდის ჩაბარების მსურველთა რეგისტრაცია განხორციელდება 2024 წლის 7 მარტის 10:00 საათიდან - 13 მარტის 24:00 საათამდე, დისტანციურად, შემდეგ მისამართზე: http://registration.cec.gov.ge/
რეგისტრაციის მიზნით, დაინტერესებულ პირებს ასევე შეუძლიათ მიმართონ გამოცდის სამდივნოებს, 7 – 13 მარტის პერიოდში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, უქმე და დასვენების დღეების გარდა (გამოცდის სამდივნოების მისამართები მოცემულია ბმულზე). მოქალაქემ თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი.
საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების გამოცდები საქართველოს მასშტაბით გახსნილ 12 საგამოცდო ცენტრში ჩატარდება. მოქალაქეებს საშუალება ექნებათ აირჩიონ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში მოქმედი საგამოცდო ცენტრი: თბილისი (2 ლოკაცია), თელავი, რუსთავი, გორი, ახალციხე, ტყიბული, ქუთაისი, ზესტაფონი, ოზურგეთი, სენაკი ან ბათუმი (საგამოცდო ცენტრების მისამართები და მისაღებ მონაწილეთა ადგილების რაოდენობა მოცემულია ბმულზე).
გამოცდაზე დისტანციურად რეგისტრაციის ინსტრუქცია:
- გამოცდის ჩაბარების მსურველი ავსებს ელექტრონული განაცხადის ველებს - პირადი ნომერი (საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის მიხედვით) და გვარი;
- ამის შემდეგ ავტომატურად ივსება ელექტრონული განაცხადის შემდეგი ველები - სახელი, დაბადების თარიღი, სქესი და მისამართი;
- შესაბამის ველში მოცემული ჩამონათვალიდან მოქალაქე შეხედულებისამებრ ირჩევს მისთვის სასურველ საგამოცდო ცენტრს, გამოცდაზე გამოცხადების თარიღსა და დროს (საათი);
- სასურველია გამოცდის ჩაბარების მსურველმა ასევე შეავსოს საკონტაქტო ინფორმაციის ველები - ტელეფონი და ელ-ფოსტა;
- გამოცდის ჩაბარების მსურველი შეხედულებისამებრ ნიშნავს პერსონალური მონაცემების გაცემაზე თანხმობის ველს (თანხმობის საფუძველზე, გამოცდის ჩაბარების მსურველის მიერ სასერტიფიკაციო გამოცდაზე დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში, პერსონალური მონაცემები (გვარი, სახელი, დაბადების თარიღი, სქესი, მისამართი, ტელეფონი, ელ.ფოსტა) გაიცემა საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიებსა და ცესკოში რეგისტრირებულ ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციებზე, ასეთი ინფორმაციის სწავლების ცენტრიდან წერილობით გამოთხოვის შემთხვევაში);
- შევსებული ელექტრონული განაცხადის გაგზავნისთანავე გამოცდის ჩაბარების მსურველი ავტომატურ რეჟიმში ელექტრონულად იღებს შეტყობინებას გამოცდაზე რეგისტრაციის დადასტურების შესახებ (გამოცდაზე გამოცხადების თარიღის, დროისა და ადგილის მითითებით).
სწავლების ცენტრი მოქალაქეებს სთავაზობს შესაძლებლობას საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების გამოცდისთვის უფასოდ გაიარონ მოსამზადებელი სასწავლო კურსი, რომელიც ეფუძნება საგამოცდო პროგრამით განსაზღვრული ტესტების შინაარსობრივ განხილვას და პრაქტიკულ დავალებებს. სასწავლო კურსის სრული ხანგრძლივობაა 5 დღე (დღეში 2.00 საათი). სასწავლო კურსი განხორციელდება 2024 წლის 15 – 21 მარტის ჩათვლით პერიოდში (სამუშაო საათებში). ტრენინგის ჩატარება გათვალისწინებულია დისტანციურად (zoom პლატფორმით). სერტიფიცირების გამოცდისთვის მოსამზადებელი სასწავლო კურსის გავლის სურვილის შემთხვევაში, მოქალაქემ გამოცდაზე რეგისტრაციის ელექტრონულ პროგრამაში დამატებით უნდა მონიშნოს შესაბამისი თანხმობის ველი. მოქალაქეს რეგისტრაციის პროგრამაში მითითებულ საკონტაქტო ელ-ფოსტაზე გაეგზავნება დეტალური ინფორმაცია სასწავლო კურსში მონაწილეობის მისაღებად.
გამოცდის მიმდინარეობაზე საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით, გამოცდაზე დამკვირვებლებად დაიშვებიან აკრედიტებული ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. გამოცდაზე აკრედიტაცია შესაძლებელია დისტანციურად: 24 საათიან რეჟიმში, 2024 წლის 7 მარტის 10:00 საათიდან 13 მარტის 24:00 საათამდე, ელექტრონულ ფოსტაზე centre@electionreforms.ge განაცხადის გაგზავნის ფორმით, ასევე, შესაბამის საგამოცდო ცენტრებში სამდივნოს მეშვეობით: 2024 წლის 7 მარტიდან 13 მარტის ჩათვლით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, უქმე და დასვენების დღეების გარდა.
სერტიფიცირების პროცესში უცვლელი ფორმით გამოიყენება ცესკოს განკარგულებით დამტკიცებული საგამოცდო ტესტები, რომელიც თემატურად მოიცავს საკითხებს შემდეგი ნორმატიული აქტებიდან: საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს საარჩევნო კოდექსი; „კენჭისყრის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ ცესკოს 2023 წლის 6 თებერვლის N7/2023 დადგენილება; ცესკოს 2015 წლის 25 ნოემბრის №54/2015 დადგენილებით დამტკიცებული ცესკოს რეგლამენტი; ცესკოს 2012 წლის 3 თებერვლის №2/2012 დადგენილებით დამტკიცებული საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტი; ცესკოს 2021 წლის 23 აგვისტოს №49/2021 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ეთიკის კოდექსი; „ცესკოს წევრებისა და საოლქო საარჩევნო კომისიების არჩეულ წევრთა შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული და სამსახურებრივი შეუთავსებლობის საკითხების განსაზღვრის შესახებ“ ცესკოს 2017 წლის 27 ივნისის №11/2017 დადგენილება.
სერტიფიცირება ელექტრონული ტესტირების მეთოდით წარიმართება. თითოეული გამოსაცდელისთვის შემთხვევითი შერჩევის მეთოდით, ავტომატურად შეირჩევა 24 საგამოცდო ტესტი, სერტიფიკატის მისაღებად გამოსაცდელმა უნდა დააგროვოს 15 ქულა. სერტიფიკატის მოქმედების ვადა განისაზღვრება გამოცდის ჩაბარებიდან 5 წლის ვადით.
საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების დებულება იხილეთ ბმულზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 261 21 11