ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე ტექნოლოგიების გამოყენებით კენჭისყრის პროცესის განსახორციელებლად საარჩევნო კომისიების გადამზადება მიმდინარეობს
ბათუმის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო უბნებზე ზოგიერთი საარჩევნო პროცედურა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელდება.
კენჭისყრის პროცესში ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატისა და ხმის ელექტრონული მთვლელი აპარატის გამოყენების ტექნიკურ და საორგანიზაციო/პროცედურულ საკითხებზე საარჩევნო კომისიების წევრთა პროფესიული გადამზადების მიზნით, სწავლების ცენტრმა სპეციალური სატრენინგო პროგრამა შეიმუშავა.
20 მარტს, ცესკოს სწავლების ცენტრისა და საერთაშორისო კომპანია „სმარტმატიკის“ წარმომადგენლებმა ბათუმში გამართულ საინფორმაციო-სასწავლო შეხვედრაზე საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებს და საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს დეტალურად გააცნეს საპილოტე პროექტის ფარგლებში გამოსაყენებელი აპარატების ფუნქციონირების წესი.
სწავლების ცენტრმა ასევე უზრუნველყო საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენერების გადამზადება, რომლებიც, შესაბამისი სატრენინგო პროგრამის ფარგლებში, N79 ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული 14 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს გააცნობენ ტექნოლოგიურ სიახლეებსა და კენჭისყრის დღეს ამომრჩეველთა მომსახურების მიზნით განსახორციელებელ პროცედურებს:
- საარჩევნო უბნის გახსნა და კენჭისყრის დაწყებამდე განსახორციელებელი საქმიანობა;
- კენჭისყრის პროცესის წარმართვა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის წილისყრით მინიჭებული ფუნქციების შესაბამისად;
- კენჭისყრის პროცესში ამომრჩევლის პერსონალური მონაცემების დაცვა;
- საარჩევნო უბნის დახურვა და საარჩევნო ბიულეტენების დათვლის პროცესი (მათ შორის ხმის დათვლის პროცესის ვიდეოფიქსაცია);
- საარჩევნო უბნის გახსნის, კენჭისყრის მიმდინარეობის და საარჩევნო უბნის დახურვის პროცესში გათვალისწინებული ტექნოლოგიების გამოყენების პრაქტიკაზე მუშაობა;
- კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენა;
- კენჭისყრის დღის განცხადებები/საჩივრები და მათზე რეაგირება;
- კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ფოტო-ვიდეოგადაღების რეგულაციები.
საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგები 27-29 მარტის პერიოდში განხორციელდება. გრაფიკი ხელმისაწვდომია ბმულზე. მასში ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, ინფორმაცია აისახება დაუყოვნებლივ.