EN

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

გრძელდება საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგები საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის (IV ეტაპი)

2022 წლის 2 აპრილის საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის, სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული ტრენინგების კონცეფციის შესაბამისად, 16-17 მარტის პერიოდში განხორციელდება ტრენინგების IV ეტაპი, რომელიც ეთმობა №20 რუსთავის და №21 გარდაბნის საოლქო საარჩევნო კომისიების სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული 117 საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების პროფილურ გადამზადებას.

ინტენსიური სასწავლო პროგრამის ფარგლებში საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეები, მოადგილეები და მდივნები მიიღებენ ინფორმაციას მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ შემდეგ ძირითად საკითხებზე:

  • კომუნიკაცია-კოორდინაცია საოლქო საარჩევნო კომისიებთან (კენჭისყრის დღისთვის მისაღები საარჩევნო დოკუმენტაცია/ინვენტარი, კენჭისყრის ოთახის მოწყობა, გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის შედგენა);
  • კენჭისყრის დღეს საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების საორგანიზაციო/საზედამხედველო ფუნქციები საარჩევნო უბნის გახსნის, კენჭისყრის მიმდინარეობის, საარჩევნო უბნის დახურვის და ხმების დათვლის-შეჯამების პროცესში (მათ შორის, ხმის დათვლის პროცესის ვიდეოფიქსაციის წესი);
  • ამომრჩეველთა მიერ ხმის მიცემის წესი (მათ შორის, ნების თავისუფალი გამოვლენისა და ხმის მიცემის ფარულობის პრინციპი);
  • კენჭისყრის დღეს, კენჭისყრის შენობაში ეპიდემიოლოგიური პროტოკოლის დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებები.

პროფესიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების ზრდის ხელშეწყობის მიმართულებით, სატრენინგო პროგრამის ფარგლებში საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირები კენჭისყრის დღისთვის შესასრულებელ ფუნქციებს ეპიზოდური ინსცენირებების ფორმატში განახორციელებენ. ამასთან, გათვალისწინებულია ინტენსიური პრაქტიკული სწავლება კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის ტექნიკაზე.

საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიების IV ეტაპის ტრენინგების ჩატარებას უზრუნველყოფენ სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებული ტრენერები. ტრენინგების დეტალური გრაფიკი ხელმისაწვდომია ბმულზე. მასში ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, ინფორმაცია აისახება დაუყოვნებლივ.

განსხვავებული გრაფიკით წარიმართება ტრენინგები ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის, სადაც საარჩევნო კომისიების წევრები დამატებით გადამზადდებიან კენჭისყრის პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების საკითხზე. აღნიშნული გრაფიკი, ეტაპობრივად, ასევე გასაჯაროვდება სწავლების ცენტრის ვებგვერდზე.

საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა III ეტაპის ტრენინგები 2022 წლის 13-14 მარტის ჩათვლით პერიოდში განხორციელდა. მასში მონაწილეობა მიიღო 117 საუბნო  საარჩევნო კომისიის 316 წევრმა. დეტალური სტატისტიკა მოცემულია ბმულზე.