შუალედური არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგები იწყება (I ეტაპი)
2 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის 2022 წლის 28 თებერვლიდან საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგები იწყება.
სწავლებს ცენტრის მიერ შემუშავებული კონცეფციის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის ტრენინგები ჩატარდება პროფილურად, შვიდ ეტაპად. განსხვავებული პროგრამით წარიმართება ტრენინგები ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის, სადაც საარჩევნო კომისიების წევრები დამატებით გადამზადდებიან კენჭისყრის პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების საკითხზე.
I ეტაპის ტრენინგები დაეთმობა საუბნო საარჩევნო კომისიების სრული შემადგენლობის სწავლებას. მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ შემდეგ ძირითად საკითხებზე:
- დემოკრატიული არჩევნების ჩატარების ძირითადი პრინციპები და მათ უზრუნველსაყოფად საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა როლის მნიშვნელობა, მანდატი ეთიკური და სამართლებრივი ჩარჩოს ფარგლებში;
- საუბნო საარჩევნო კომისიის სამუშაო რეჟიმი და რეგლამენტით განსაზღვრული უფლებამოსილებები; დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძვლები;
- საოლქო საარჩევნო კომისიებთან საუბნო საარჩევნო კომისიების საქმიანობის კოორდინაცია/კომუნიკაცია (მათ შორის, საორგანიზაციო-ლოჯისტიკურ საკითხებზე);
- საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობა კენჭისყრის დღემდე პერიოდში (მათ შორის, ადაპტირებული საარჩევნო უბნის სპეციალურ სიაში ამომრჩეველთა შეყვანის საკითხი);
- ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საუბნო საარჩევნო კომისიის შენობაში სანიტარულ - ჰიგიენური მოთხოვნების დაცვის უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი ღონისძიებები.
ტრენინგების ჩატარებას უზრუნველყოფს სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებული 25 ტრენერი (მათ შორის, საოლქო საარჩევნო კომისიების წევრები, რომლებიც ტრენერების სტატუსით ერთვებიან პროექტში).
სასწავლო პროცესი პანდემიასთან დაკავშირებული ყველა რეკომენდაციის დაცვით წარიმართება. საქართველოს ჯანდაცვის უწყებასთან თანამშრომლობის ფარგლებში, ტრენინგების ჩატარების ადგილებზე მონაწილეებისთვის უზრუნველყოფილი იქნება სწრაფი ტესტის ჩატარება. ტრენინგზე დაშვება განხორციელდება ტესტირების უარყოფითი შედეგის საფუძველზე.
I ეტაპის ტრენინგები 28 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით პერიოდში განხორციელდება. გრაფიკი ხელმისაწვდომია ბმულზე. მასში ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, ინფორმაცია აისახება დაუყოვნებლივ.