შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს პრეზიდენტის არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველყოფის შესახებ ტრენინგები ჩაუტარდათ
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების თავისუფალ და მშვიდ გარემოში ჩატარების ხელშეწყობის მიზნით, 8-18 ოქტომბრის პერიოდში განხორციელდა საინფორმაციო-სასწავლო კურსი სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებისთვის.
ცესკოს სწავლების ცენტრის, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) წარმომადგენლებმა შეხვედრაში მონაწილე კრიმინალური და საპატრულო პოლიციის საშუალო და მაღალი მენეჯერული რგოლის თანამშრომლებს მიაწოდეს ინფორმაცია შემდეგ მნიშვნელოვან საკითხებზე:
- არჩევნების უსაფრთხოების კონცეფცია და საერთაშორისო სტანდარტები;
- საარჩევნო უბანზე კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობისას უსაფრთხოების მიმართულებით რისკების იდენტიციფირება;
- რისკების პრევენცია და ეფექტიანი კომუნიკაცია საარჩევნო ადმინისტრაციასა და სამართალდამცავ ორგანოებს შორის;
- რეაგირების მექანიზმები უსაფრთხო და მშვიდობიანი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად;
- არჩევნების თავისუფალ, უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველყოფა შსს-ს მიერ;
- არჩევნების პერიოდში შსს მოსამსახურეთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია (პოლიციის ეთიკის კოდექსის მიხედვით);
- წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დროს გამოვლენილ სამართალდარღვევათა დახასიათება და მათზე რეაგირების პროცედურული ნორმები (ადმინისტრაციულ სამართლებრივი და სისხლის სამართლებრივი).
17 ოქტომბერს გამართულ საინფორმაციო შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციის - ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ცენტრის (OSCE/ODIHR) წარმომადგენლები.
არჩევნების უსაფრთხოების საკითხებზე საინფორმაციო-სასწავლო კურსი ცესკოს სწავლების ცენტრსა და შსს აკადემიას შორის 2018 წლის 27 სექტემბერს გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდა. აღნიშნული ინიციატივის საფუძველზე სწავლება კრიმინალური და საპატრულო პოლიციის საშუალო და მაღალი მენეჯერული რგოლის 792 პოლიციელმა გაიარა.
ცესკოს სწავლების ცენტრმა პოლიციელებისთვის ასევე შეიმუშავა დისტანციური სასწავლო პროგრამა, რომელიც არჩევნების უსაფრთხოების საკითხებზე ინფორმაციის მიღების დამატებით რესურსს ქმნის. პროგრამა შსს აკადემიის ელექტრონული სწავლების პორტალსა და სწავლების ცენტრის ვებ-გვერდზეა განთავსებული. აღნიშნულ კურსს ელექტრონული ფორმით კრიმინალური და საპატრულო პოლიციის 8000-მდე თანამშრომელი გაივლის.
მემორანდუმის ფარგლებში, ცესკოს სწავლების ცენტრმა და შსს აკადემიამ, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან (IFES) თანამშრომლობით, არჩევნების უსაფრთხოების შესახებ საინფორმაციო-სასწავლო კურსი ასევე ჩაუტარა არჩევნებში ჩართულ სხვა მხარეებსაც - ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლებს.
საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის ცესკოს სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული ტრენინგების კონცეფციის შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში არჩევნების უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებზე სასწალო მოდულს საარჩევნო კომისიების 44 000-მდე წევრი გადის.