მიმდინარე წლის 12 – 15 აპრილს, რუმინეთის საარჩევნო ადმინისტრაციის და ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის მიწვევით, საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორი ნათია ზაალიშვილი რუმინეთში, ქ. ბუქარესტში იმყოფებოდა.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა დებატები თემაზე: „საარჩევნო კანონმდებლობა და ახალი ტექნოლოგიები: სამართლებრივი გამოწვევები“, რომლის ფარგლებშიც იმსჯელეს ისეთ საკითხებზე როგორებიცაა: ახალი ტექნოლოგიები - გარდაუვალი გამოწვევა; საარჩევნო კანონმდებლობა და საკონსტიტუციო მოთხოვნები; კანონიერების, ხელისუფლების დანაწილების, საარჩევნო კანონმდებლობის სტაბილურობა - ხმის მიცემის ახალი ტექნოლოგიები.
მოწვეულმა სტუმრებმა ასევე მონაწილეობა მიიღეს საარჩევნო ადმინისტრაციების მე-13 ევროპულ კონფერენციაში. ბუქარესტის პარლამენტში გამართულ კონფერენციაზე განხილვების ძირითადი თემა იყო - „ახალი ტექნოლოგიები არჩევნებში: საზოგადოებრივი ნდობა და გამოწვევები“. მონაწილეებმა იმსჯელეს ახალი ტექნოლოგიების გამოყენებაზე წინა საარჩევნო პერიოდში, ასევე განიხილეს აღნიშნული ტექნოლოგიების ინტეგრირების შესაძლებლობები ხმის დათვლის პროცესში. კონფერენციაზე განიხილეს საკანონმდებლო ჩარჩო ახალი ტექნოლოგიების გამოყენებისას და საერთაშორისო პრინციპების გათვალისწინების საკითხიც. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია და დაგეგმვის და ანგარიშგების დეპარტამენტის უფროსი სოფიო სიჭინავა.
საქართველოსთან ერთად კონფერენციაში ჩართულები იყვნენ ავსტრიის, აზერბაიჯანის, ბელგიის, ბრაზილიის, ხორვატიის, დანიის, სომხეთის, ესტონეთის, ფინეთის, გერმანიის, კოსოვოს, ყირგიზეთის, ლატვიის, ლიტვის, ლუქსემბურგის, მალტას, მექსიკის, მოლდოვას, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პალესტინის, პორტუგალიის, სლოვენიის, სლოვაკეთის, ესპანეთის, შვედეთის, შვეიცარიის, ტუნისის, თურქეთის და უკრაინის საარჩევნო ადმინისტრაციების ხელმძღვანელი პირები. ბელგიის, ესტონეთის და ბრაზილიის, ასევე ვენეციის კომისიის და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ექსპერტები, პროფესორები პოლიტოლოგიის მიმართულებით დიდი ბრიტანეთიდან და ავსტრიიდან; ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საერთაშორისო ორგანიზაციები: ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (OSCE/ODIHR), ევროპის საარჩევნო მოხელეთა ასოციაცია (ACEEEO), დემოკრატიების საზოგადოება, ევროკავშირი (EU), საპარლამენტო სწავლებების საერთაშორისო ცენტრი (ICPS), დემოკრატიისა და საარჩევნო მხარდაჭერის საერთაშორისო ინსტიტუტი (International IDEA) და ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაცია (OIF).