2015 წლის 28 დეკემბერს, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრმა პროგრამა „საზოგადოება და არჩევნები“-ს ფარგლებში განხორციელებული საპილოტე საინფორმაციო-სასწავლო პროექტები შეაჯამეს.
შეხვედრა, ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ, ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი შარაბიძემ და სწავლების ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა გახსნა, რომლებმაც აღნიშნული პროექტების მნიშვნელობის საკითხებზე ისაუბრეს.
შეხვედრაში 25 ტრენერი მონაწილეობდა. ტრენერებმა საპილოტე პროექტების იმპლემენტაციის მიზნით, სპეციალური გადამზადება გაიარეს. ტრენერთა კორპუსს წარმოადგენდა საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენერები და საოლქო საარჩევნო კომისიების წევრები.
შეხვედრა დაეთმო განხორციელებული სასწავლო პროგრამების შეფასებას, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებასა და სამომავლო გეგმების დასახვას. სამუშაო შეხვედრის ფორმატში განხილულ იქნა შემდეგი საკითხები: ტრენერთა კორპუსის მომზადება, ტრენინგების სისტემა, სასწავლო მოდულები და მასალები, მეთოდოლოგია, ლოჯისტიკა, კომუნიკაციის ეფექტიანობა და მონიტორინგი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით საინფორმაციო-სასწავლო კურსი „არჩევნები და ახალგაზრდა ამომრჩეველი“, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებასა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაზრდას, საპილოტე ფორმატში განხორციელდა 22 მუნიციპალიტეტში, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ 14 მუნიციპალიტეტში და 8 მაღალმთიან რეგიონში (მარნეული, ბოლნისი, გარდაბანი, დმანისი, თეთრიწყარო, რუსთავი, წალკა, თელავი, ლაგოდეხი, საგარეჯო, მცხეთა, ახალქალაქი, ნინოწმინდა, ახალციხე, ონი, ამბროლაური, ცაგერი, ლენტეხი, მესტია, ქედა, შუახევი). პროექტში მონაწილეობა მიიღო 75 საჯარო სკოლის XI-XII კლასის 1356-მა მოსწავლემ, რომლებსაც გადაეცათ სერტიფიკატები.
„საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები“, რომელიც მიზნად ისახავს სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით და საარჩევნო ადმინისტრაციაში კვალიფიციური საკადრო რესურსის ფორმირებას, განხორციელდა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ 4 მუნიციპალიტეტში (ლაგოდეხი, მარნეული, ახალციხე, ახალქალაქი). პროექტში მონაწილეობა მიიღო 197 მოქალაქემ. მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატი.
ცესკო და სწავლების ცენტრი მომავალში საინფორმაციო-სასწავლო კურსის „არჩევნები და ახალგაზრდა ამომრჩეველი“ და „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსების“ საქართველოს მასშტაბით გაფართოებას გეგმავს, რაც საარჩევნო ადმინისტრაციას შესაძლებლობას მისცემს უფრო მეტ ახალგაზრდას და საარჩევნო პროცესებით დაინტერესებულ პირებს გაუზიაროს საკუთარი ცოდნა და გამოცდილება.
საპილოტე პროექტები ცესკომ და სწავლების ცენტრმა, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან (IFES) თანამშრომლობით განახორციელეს.