სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი (შემდგომში - სწავლების ცენტრი) 2015 წლის 24 მარტიდან აცხადებს საგრანტო კონკურსს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 13 მარტის №23/2015 განკარგულებით განსაზღვრულ საგრანტო კონკურსის დაფინანსების შემდეგ მიმართულებებზე:
პირველი მიმართულება - ამომრჩეველთა განათლება საარჩევნო და სამოქალაქო კულტურის განვითარებისათვის
სიტუაციური ანალიზი
2015-2019 წლის სტრატეგიული გეგმის შესაბამისად საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტად განისაზღვრა სამოქალაქო და ამომრჩევლის განათლება საარჩევნო პროცესებში სამოქალაქო ჩართულობის დონის ამაღლების, აქტივობის ზრდისა და ამომრჩეველთა მიერ ინფორმირებული არჩევანის გაკეთების ხელშეწყობის მიზნით. აღნიშნული მიმართულებით წლების მანძილზე ცესკოსა და სწავლების ცენტრის მიერ განხორციელებულმა აქტივობებმა, მათ შორის, 2013 - 2014 წლებში გამოცხადებული საგრანტო კონკურსების ფარგლებში ჩატარებული საარჩევნო გარემოს კვლევების შედეგების თანახმად გამოიკვეთა გრძელვადიან პერსპექტივაში ახალგაზრდა ამომრჩევლებისათვის საინფორმაციო /საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების აუცილებლობა, მათი საარჩევნო კულტურის განვითარებისა და აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბების უზრუნველსაყოფად.
პირველი მიმართულების ფარგლებში საგრანტო პროექტები შეიძლება შემოტანილ იქნას შემდეგ საკონკურსო თემატიკაზე - ახალგაზრდა ამომრჩეველთა ცნობიერებისა და სამოქალაქო ჩართულობის ამაღლების ხელშეწყობა საგანმანათლებლო კამპანიის საშუალებით.
აღნიშნულ საკონკურსო თემატიკაზე წარმოდგენილი საგრანტო პროექტი უნდა ითვალისწინებდეს ახალგაზრდა ამომრჩევლების სამოქალაქო განათლების უზრუნველყოფის ინიციატივას, რომელიც ორიენტირებული იქნება ახალგაზრდა ამომრჩევლებისათვის ინფორმაციის მიწოდებაზე დემოკრატიული არჩევნებისა და არჩევნების გზით ქვეყნის მართვის პროცესში ამომრჩევლის მონაწილეობის მნიშვნელობის საკითხებზე, საქართველოში სახელმწიფო მოწყობისა და არჩევითი ორგანოების ფორმირების წესზე, ელექტორატსა და მის მიერ არჩეულ ინსტიტუციებს შორის ანგარიშვალდებულების პრინციპის შესახებ, არჩევნების პოპულარიზაციასა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის ზრდის უზრუნველსაყოფად სხვა საკითხებთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, რომ პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი საინფორმაციო/საგანმანათლებლო პროგრამების მოდელირება, სასწავლო მასალების შემუშავება და სასწავლო მეთოდოლოგიის შერჩევა-გამოყენება მოხდეს ახალგაზრდა ამომრჩევლების ასაკისა და ინტერესების შესაბამისად.
საგრანტო პროექტის დაფინანსების ფარგლები:
არაუმეტეს 60 000 ლარისა (თანხა გაიცემა ეტაპობრივად ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში)
საგრანტო პროექტის ხანგრძლივობა:
15 ივნისი, 2015 წელი - 15 დეკემბერი, 2015 წელი
მეორე მიმართულება - ქალთა მონაწილეობის ხელშეწყობა საზოგადოებრივ - პოლიტიკურ (საარჩევნო) პროცესში
სიტუაციური ანალიზი
2015-2019 წლის სტრატეგიული გეგმის შესაბამისად საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტად განისაზღვრა მაქსიმალურად ინკლუზიური საარჩევნო გარემოს შექმნა, რომელიც, სხვადასხვა ასპექტებთან ერთად, მოიცავს გენდერულად დაბალანსებული და თანაბარი გარემოს შექმნის ხელშეწყობას. აღნიშნული საკითხის პრიორიტეტულობა უკავშირდება ქალთა დაბალი აქტივობის მდგომარეობას საზოგადოებრივ - პოლიტიკურ ცხოვრებაში, რაც დასტურდება ამ მიმართულებით განხორციელებული კვლევების შედეგებით და ასევე, საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებზე წარმოებული გენდერული სტატისტიკის მონაცემებით, რომელიც ასახავს ქალთა დაბალი აქტივობის მაჩვენებლებს როგორც ამომრჩევლის, ისე კანდიდატის რანგში.
გენდერული სტატისტიკა იხილეთ ბმულზე:
http://www.cesko.ge/uploads/other/28/28697.pdf
მეორე მიმართულების ფარგლებში საგრანტო პროექტები შეიძლება შემოტანილ იქნას შემდეგ საკონკურსო თემატიკაზე - ქალთა ცნობიერების ამაღლება საარჩევნო პროცესში გენდერული თანასწორობის საკითხებზე
საკონკურსო თემატიკაზე წარმოდგენილი საგრანტო პროექტი უნდა ითვალისწინებდეს საარჩევნო პროცესებში ქალთა ჩართულობის მოტივაციის ზრდისა და მათი პოლიტიკური, სამოქალაქო უფლებების რეალიზების ხელშეწყობის ინიციატივას. აღნიშნული უნდა მოიცავდეს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამების, საინფორმაციო კამპანიების, გადაცემების ან სხვა ღონისძიებების განხორციელების გზით ქალების ინფორმირების უზრუნველყოფას საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში გენდერული თანასწორობის კონცეფციის შესახებ, ამომრჩევლისა და კანდიდატის რანგში ქალთა და მამაკაცთა უფლებების, შესაძლებლობების თანაბარობის საკითხებზე და ამ უფლებების საარჩევნო პროცესში რეალიზების საკანონმდებლო მექანიზმების თაობაზე.
საგრანტო პროექტის დაფინანსების ფარგლები:
არაუმეტეს 50 000 ლარისა (თანხა გაიცემა ეტაპობრივად ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში)
საგრანტო პროექტის ხანგრძლივობა:
15 ივნისი, 2015 წელი - 15 დეკემბერი, 2015 წელი
მესამე მიმართულება - პოლიტიკური პარტიების საარჩევნო შესაძლებლობების განვითარებების ხელშეწყობა (რეგიონულ ჭრილში)
სიტუაციური ანალიზი
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის 2015-2019 წლის სტრატეგიული გეგმის მიხედვით ქვეყანაში საარჩევნო კულტურის განვითარების მიზნის ეფექტიანად განხორციელება, სხვადასხვა ასპექტებთან ერთად, უკავშირდება არჩევნებში ჩართული მხარეებისათვის საარჩევნო საინფორმაციო/საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების აუცილებლობას, მათი საარჩევნო შესაძლებლობების განვითარებების ხელშეწყობისა და ზოგადად კონკურენტუნარიანი პოლიტიკური გარემოს შექმნის უზრუნველსაყოფად. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებთან დაკავშირებით საარჩევნო ადმინისტრაციაში წარმოებული საჩივრეების რეესტრის მიხედვით იკვეთება მაღალი სიხშირე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების მიერ შედგენილი საჩივრების განუხილველად დატოვებასა ან უსაფუძვლობის გამო დაკმაყოფილებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით. საარჩევნო ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, პოლიტიკური პარტიებისთვის შესაბამისი საინფორმაციო/საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების აუცილებლობის შესახებ რეკომენდაციები ასევე ასახულია სადამკვირვებლო მისიების ანგარიშებში (მაგ., ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიში, საქართველოს საპარლამენტო არჩევნები, 2012 წლის 1 ოქტომბერი).
საარჩევნო ადმინისტრაციის საჩივრეების რეესტრი იხილეთ ბმულზე:
მესამე მიმართულების ფარგლებში საგრანტო პროექტები შეიძლება შემოტანილ იქნას შემდეგ საკონკურსო თემატიკაზე - საარჩევნო საინფორმაციო/საგანმანათლებლო პროგრამები პოლიტიკური პარტიებისთვის
ქვეყანაში მორიგი არჩევნები უკავშირდება საპარლამენტო არჩევნებს, ამის გათვალისწინებით მნიშვნელოვანია, აღნიშნულ საკონკურსო თემატიკაზე წარმოდგენილი საგრანტო პროექტი ითვალისწინებდეს პოლიტიკური პარტიების რეგიონული წარმომადგენლობების ადამიანური რესურსების საარჩევნო შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, არჩევნებთან დაკავშირებით შესაბამისი საგანმანათლებლო ან სხვა ფორმატის საინფორმაციო ხასიათის ღონისძიებების განხორციელებას. პროექტით შეთავაზებული სასწავლო პროგრამები უნდა ითვალისწინებდეს პოლიტიკური პარტიების რეგიონული წარმომადგენლობების ინფორმირებას როგორც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობასთან მიმართებაში, ისე საერთაშორისო პრაქტიკასთან დაკავშირებით, მათ შორის, საარჩევნო ეთიკის ნორმებისა და საერთაშორისო სტანდარტების საკითხების შესახებ.
სამიზნე ჯგუფი, რომელზეც გავრცელდება პროექტი, უნდა მოიცავდეს არანაკლებ ექვსი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს, მათ შორის, როგორც კვალიფიციური, ისე არაკვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ბოლო სამი წლის მანძილზე გამართულ ერთ-ერთ საერთო არჩევნებზე. სასურველია, სამიზნე ჯგუფის დაკომპლექტებისას რაოდენობრივად თანაბრად იყოს წარმოდგენილი კვალიფიციური და არაკვალიფიციური საარჩევნო სუბიექტები.
ბოლო სამი წლის მანძილზე გამართულ საერთო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიები იხილეთ ბმულზე:
http://electionreforms.ge/files/article_attachments/9152014/d_5.pdf
დამატებითი მოთხოვნები საგრანტო პროექტთან დაკავშირებით:
არასამთავრობო ორგანიზაცია ვალდებულია საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა სწავლების ცენტრს წარუდგინოს პარტიებიდან მიღებული თანხმობის წერილი პროექტში მონაწილეობის მისაღებაზე. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში მხარეთა შორის დადებული საგრანტო ხელშეკრულება ჩაითვლება შეწყვეტილად.
საგრანტო პროექტის დაფინანსების ფარგლები:
არაუმეტეს 80 000 ლარისა (თანხა გაიცემა ეტაპობრივად ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში)
საგრანტო პროექტის ხანგრძლივობა:
15 ივნისი, 2015 წელი - 15 დეკემბერი, 2015 წელი
მეოთხე მიმართულება - ეთნიკური უმცირესობების მონაწილეობის ხელშეწყობა საზოგადოებრივ - პოლიტიკურ (საარჩევნო) პროცესში
სიტუაციური ანალიზი
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის 2015-2019 წლის სტრატეგიული გეგმის შესაბამისად, ინკლუზიური საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად ერთ-ერთ მნიშვნელოვან ამოცანად განსაზღვრულია ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის ხელშეწყობა საარჩევნო პროცესში. აღნიშნული მიმართულებით წლების მანძილზე ცესკოსა და სწავლების ცენტრის მიერ განხორციელებულმა აქტივობებმა, მათ შორის, საგრანტო კონკურსის ფარგლებში ეთნიკური უმცირესობების საარჩევნო პროცესებში ინტეგრაციის საკითხის შესწავლის მიზნით 2014 წელს ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად, გამოიკვეთა გრძელვადიან პერსპექტივაში ეთნიკური უმცირესობების ამომრჩევლებისათვის სისტემატურად საინფორმაციო /საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების აუცილებლობა, მათი საარჩევნო კულტურის განვითარებისა და საარჩევნო პროცესში აქტიური მონაწილეობის წახალისების უზრუნველსაყოფად. აღნიშნულმა კვლევამ მოიცვა საქართველოს აზერბაიჯანული თემი.
ზემოაღნიშნულმა პრაქტიკამ ეთნიკური უმცირესობების საარჩევნო პროცესში ინეტგრაციის უზრუნველსაყოფად საინფორმაციო/საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებასთან ერთად გამოკვეთა მსგავსი კვლევების გაგრძელების აუცილებლობა.
კვლევის შედეგები იხილეთ ბმულზე:
http://www.electionreforms.ge/files/library/422.pdf
ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ამომრჩეველთათვის თანაბარი საარჩევნო გარემოს შექმნის მიზნით ცესკოსა და სწავლების ცენტრის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ანგარიში იხილეთ ბმულზე: http://www.cesko.ge/uploads/other/29/29086.pdf
მეოთხე მიმართულების ფარგლებში საგრანტო პროექტები შეიძლება შემოტანილ იქნას შემდეგ საკონკურსო თემატიკებზე:
I თემატიკა - საქართველოს სომხურენოვანი თემის ამომრჩეველთა საარჩევნო პროცესში ჩართულობის ასპექტების შესწავლა და საჭიროებების განსაზღვრა
აღნიშნულ საკონკურსო თემატიკაზე წარმოდგენილი საგრანტო პროექტი უნდა ითვალისწინებდეს საქართველოს სომხურენოვანი თემის ამომრჩეველთა საარჩევნო პროცესში ჩართულობის კუთხით საარჩევნო გარემოს სიტუაციურ შესწავლასა და ანალიზს შემდეგ ძირითად ასპექტებზე ორიენტირებით: საარჩევნო პროცესებში ეთნიკური უმცირესობების მონაწილეობის დინამიკა; საარჩევნო პროცესებში მათი აქტიური ჩართულობის ხელისშემშლელი ფაქტორების იდენტიფიცირება (მათ შორის, ენობრივი, ტრადიციულ/რელიგიური ან სხვა ბარიერები); ეთნიკურ უმცირესობათა ჯგუფის საარჩევნო კულტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით განხორციელებული საგანმანათლებლო ან სხვა ფორმატის ღონისძიებების ეფექტიანობა; აღნიშნული მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული აქტივობების შეფასება; პროცესის გაუმჯობესების მიზნით სამომავლო ინიციატივების უზრუნველსაყოფად შესაბამისი საჭიროებების გამოვლენა, იდენტიფიცირება და სხვა.
დამატებითი მოთხოვნები საგრანტო პროექტთან დაკავშირებით:
კონკურსში წარმოდგენილი პროექტები უნდა შეიცავდეს მკაფიო ინფორმაციას კვლევის ჩასატარებლად შერჩეული მეთოდოლოგიის შესახებ. გრანტის მიმღები ვალდებულია პროექტის დასრულების შემდეგ წარმოადგინოს კვლევის შედეგები პრეზენტაციის ფორმატში.
საგრანტო პროექტის დაფინანსების ფარგლები:
არაუმეტეს 80 000 ლარისა (თანხა გაიცემა ეტაპობრივად ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში)
საგრანტო პროექტის ხანგრძლივობა:
15 ივნისი, 2015 წელი - 15 ოქტომბერი, 2015 წელი
II თემატიკა - ეთნიკურ უმცირესობათა სამოქალაქო ჩართულობის ამაღლების ხელშეწყობა საგანმანათლებლო კამპანიის საშუალებით
აღნიშნულ საკონკურსო თემატიკაზე წარმოდგენილი საგრანტო პროექტი უნდა ითვალისწინებდეს ეთნიკურ უმცირესობათა ამომრჩევლების სამოქალაქო განათლების უზრუნველყოფის ინიციატივას, რომელიც ორიენტირებული იქნება მათთვის ინფორმაციის მიწოდებაზე არჩევნების გზით ქვეყნის მართვის პროცესში ამომრჩევლის მონაწილეობის მნიშვნელობის საკითხებზე, ელექტორატსა და მის მიერ არჩეულ ინსტიტუციებს შორის ანგარიშვალდებულების პრინციპის შესახებ, არჩევნების პოპულარიზაციასა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის ზრდის უზრუნველსაყოფად სხვა საკითხებთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, რომ პროექტი ითვალისწინებდეს საინფორმაციო/საგანმანათლებლო ხასიათის ღონისძიებების განხორციელებას არამხოლოდ სემინარის/ტრენინგის ფორმატში, არამედ ასევე როლური, თეატრალიზებული ან სხვა ინოვაციური ღონისძიებების სახით.
პროექტი უნდა განხორციელდეს სამიზნე ჯგუფის ენობრივი, ტრადიციულ/რელიგიური ბარიერების გათვალისწინებით (მაგ., საგანმანათლებლო მასალების მომზადება მათთვის გასაგებ ენაზე და სხვა) და პასუხობდეს ეთნიკური უმცირესობების საარჩევნო პროცესებში ინტეგრაციის საკითხის შესწავლის მიზნით 2014 წელს ჩატარებული კვლევის შედეგებით გამოკვეთილ გამოწვევებს (კვლევის შედეგები იხილეთ ბმულზე:
http://www.electionreforms.ge/files/library/422.pdf ).
დამატებითი მოთხოვნები საგრანტო პროექტთან დაკავშირებით:
პროექტი უნდა განხორციელდეს არასამთავრო ორგანიზაციის შეხედულებისამებრ შერჩეულ ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ არანაკლებ სამ მუნიციპალიტეტში.
ინფორმაცია კომპაქტური დასახლებების შესახებ იხილეთ ბმულზე:
http://www.cesko.ge/uploads/other/29/29086.pdf
საგრანტო პროექტის დაფინანსების ფარგლები:
არაუმეტეს 60 000 ლარისა (თანხა გაიცემა ეტაპობრივად ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში)
საგრანტო პროექტის ხანგრძლივობა:
15 ივნისი, 2015 წელი - 15 დეკემბერი, 2015 წელი
დამატებითი ინფორმაცია საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით
ვის შეუძლია საგრანტო კონკურსში მონაწილეობა:
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ კონკურსის გამოცხადებამდე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ ადგილობრივ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს (შემდგომში - არასამთავრობო ორგანიზაცია).
კონკურსში მონაწილეობის უფლება არ აქვთ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთა ხელმძღვანელი პირები ან/და კონკურსში წარსადგენად შემუშავებული პროექტის განმახორციელებელი პირები არიან: საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი; ცესკოს აპარატის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი; სწავლების ცენტრის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; სწავლების ცენტრის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი; საგრანტო საკონკურსო კომისიის, კომისიის სამდივნოსა და მონიტორინგის ჯგუფის წევრი. არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელ პირებში იგულისხმება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის თანახმად არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირები.
საგრანტო კონკურსში წარსადგენი საკონკურსო დოკუმენტაცია:
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად არასამთავრობო ორგანიზაციამ უნდა წარადგინოს შემდეგი საკონკურსო დოკუმენტაცია მითითებული წესის დაცვით:
ა) საგრანტო განაცხადი დანართი №1-ის ფორმის დაცვით (ნაბეჭდი და ელექტრონული ფორმით (CD));
ბ) საგრანტო კონკურსის გამოცხადების (2015 წლის 24 მარტის) შემდეგ მომზადებული ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომლის მონაცემებით დასტურდება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციას არ გააჩნია შემდეგი ვალდებულებები: ყადაღა/აკრძალვა, საგადასახადო გირავნობა, მოვალეთა რეესტრი (ნაბეჭდი ფორმით);
გ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული სადამფუძნებლო დოკუმენტი (წესდება, დებულება ან სხვა) (ნაბეჭდი ფორმით).
შენიშვნა: კონკურსში მონაწილეობის მისაღებად არასამთავრობო ორგანიზაცია უფლებამოსილია გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში წარადგინოს მხოლოდ ერთი საგრანტო განაცხადი.
განმხილველი ორგანო:
არასამთავრობო ორგანიზაციის საკონკურსო დოკუმენტაციის შეფასებას, არასამთავრობო ორგანიზაციის დაფინანსების/დაფინანსებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს „გრანტის გაცემის წესის“ შესაბამისად შექმნილი საგრანტო საკონკურსო კომისია, საკონკურსო დოკუმენტაციის წარმდგენი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის სხდომაზე დაუსწრებლად.
საგრანტო საკონკურსო კომისიის წევრების მიერ საგრანტო პროექტების შეფასება ხორციელდება საკონკურსო დოკუმენტაციის შეფასების ფურცელში განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად (იხ. დანართი N2).
საგრანტო კონკურსის შედეგების საჯაროობა:
საგრანტო კონკურსის მონაწილეებს კონკურსის შედეგები ეცნობებათ მათ ელექტრონულ მისამართზე შეტყობინების გაგზავნის ფორმით. ინფორმაცია საგრანტო საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ ასევე განთავსდება ცესკოსა და სწავლების ცენტრის ვებ–გვერდებზე: www.cesko.ge; www.electionreforms.ge
საგრანტო კონკურსის გრაფიკი:
"გრანტის გაცემის წესი" იხილეთ ბმულზე:
http://www.electionreforms.ge/files/article_attachments/737.pdf
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 261 21 11