ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) დღეს, საქართველოს უსინათლოთა კავშირთან და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან (IFES) თანამშრომლობით, უსინათლო ამომრჩევლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა. აღნიშნული შეხვედრით დასრულდა იმ საინფორმაციო შეხვედრების ციკლი, რომელიც უსინათლო ამომრჩევლებთან ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა.
შეხვედრა ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა. ცესკოს თავმჯდომარის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაცია ორიენტირებულია, რომ ყველა ამომრჩევლისთვის თანაბარი პირობებისა და ინკლუზიური საარჩევნო გარემოს შექმნა უზრუნველყოს. გიორგი კალანდარიშვილის თქმით მნიშვნელოვანია, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს საშუალება ჰქონდეთ საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარებულ არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღონ მონაწილეობა.
შეხვედრას, რომელიც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაიმართა ესწრებოდნენ საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ვიცე-პრეზიდენტი ქეთრინ ელენა, ასევე IFES-ის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი რენატა ლევოვსკი და ამავე ორგანიზაციის მრავალფეროვნების, თანასწორობის და ინკლუზიის უფროსი მენეჯერი მირანდა ტყაბლაძე. მათ მისასალმებელი სიტყვით მიმართეს შეხვედრის მონაწილეებს და ხაზი გაუსვეს საარჩევნო ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით განხორციელებული საქმიანობის მნიშვნელობას, რომელიც ინკლუზიური საარჩევნო გარემოს შექმნისკენ არის მიმართული. მათი თქმით, თანაბარი პირობების შექმნა სხვადასხვა საჭიროების მქონე ამომრჩევლისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
თავის მხრივ ცესკოში შექმნილი შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელმა სოფიო სიჭინავამ შეხვედრის მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა იმის შესახებ, თუ როგორ შეძლებენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის მიღებას. მათ ასევე პრაქტიკაში გამოსცადეს ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების მუშაობა.
ცესკოში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ცესკოს სწავლების ცენტრის დირექტორი ნათია ზაალიშვილი და ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი დიმიტრი ჯავახაძე.
აღსანიშნავია, რომ უსინათლო პირებთან საინფორმაციო შეხვედრები საარჩევნო ადმინისტრაციის 2024 წლის სამოქმედო გეგმის შესაბამისად ეტაპობრივად ჩატარდა - ბათუმში, ქუთაისში, გორში, ახალციხესა და თბილისში. შეხვედრების ფარგლებში 300-მდე უსინათლო პირმა მიიღო ინფორმაცია საარჩევნო საკითხებისა და ელექტრონული ტექნოლოგიების შესახებ. ასევე გავრცელდა არჩევნებში მონაწილეობის გზამკვლევი მარტივად წასაკითხ ფორმატში, რომელსაც თან ახლავს QR წამკითხველი, რომლის გამოყენებით ინფორმაცია მისაწვდომია უსინათლო პირებისთვის აუდიო ფორმატში, ხოლო ყრუ პირებისთვის ჟესტურ ენაზე.