2023 წლის 4 დეკემბრიდან საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების გამოცდები იწყება. სერტიფიცირების მიზანია საქართველოს მოქალაქის საარჩევნო კანონმდებლობის ცოდნისა და ზოგადი უნარების დადგენა, შემდგომში საარჩევნო ადმინისტრაციის მაღალკვალიფიციური მოხელეების შერჩევის ხელშეწყობის უზრუნველსაყოფად.
სერტიფიცირების გამოცდების ჩატარებას უზრუნველყოფს სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი (სწავლების ცენტრი).
გამოცდის ჩაბარების მსურველთა რეგისტრაცია განხორციელდება 2023 წლის 21 ნოემბრის 10:00 საათიდან - 27 ნოემბრის 24:00 საათამდე, დისტანციურად, შემდეგ მისამართზე: http://registration.cec.gov.ge/
რეგისტრაციის მიზნით, დაინტერესებულ პირებს ასევე შეუძლიათ მიმართონ გამოცდის სამდივნოებს, 21 - 27 ნოემბრის პერიოდში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, უქმე და დასვენების დღეების გარდა (გამოცდის სამდივნოების მისამართები მოცემულია ბმულზე). მოქალაქემ თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი.
მნიშვნელოვანია, რომ წელს პირველად, საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების გამოცდები საქართველოს მასშტაბით გახსნილ 13 საგამოცდო ცენტრში ჩატარდება. მოქალაქეებს საშუალება ექნებათ აირჩიონ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში მოქმედი საგამოცდო ცენტრი: თბილისი (2 ლოკაცია), თელავი, რუსთავი, მცხეთა, გორი, ახალციხე, ტყიბული, ქუთაისი, ზესტაფონი, ოზურგეთი, სენაკი ან ბათუმი (საგამოცდო ცენტრების მისამართები და მისაღებ მონაწილეთა ადგილების რაოდენობა მოცემულია ბმულზე).
გამოცდაზე დისტანციურად რეგისტრაციის ინსტრუქცია:
სწავლების ცენტრი მოქალაქეებს სთავაზობს შესაძლებლობას საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების გამოცდისთვის უფასოდ გაიარონ მოსამზადებელი სასწავლო კურსი, რომელიც ეფუძნება საგამოცდო პროგრამით განსაზღვრული ტესტების შინაარსობრივ განხილვას და პრაქტიკულ დავალებებს. სასწავლო კურსის სრული ხანგრძლივობაა 3 დღე (დღეში 2.00 საათი). სასწავლო კურსი განხორციელდება 2023 წლის 29 ნოემბრიდან - 1 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში (სამუშაო საათებში). ტრენინგის ჩატარება გათვალისწინებულია დისტანციურად (zoom პლატფორმით). სერტიფიცირების გამოცდისთვის მოსამზადებელი სასწავლო კურსის გავლის სურვილის შემთხვევაში, მოქალაქემ გამოცდაზე რეგისტრაციის ელექტრონულ პროგრამაში დამატებით უნდა მონიშნოს შესაბამისი თანხმობის ველი. მოქალაქეს რეგისტრაციის პროგრამაში მითითებულ საკონტაქტო ელ-ფოსტაზე გაეგზავნება დეტალური ინფორმაცია სასწავლო კურსში მონაწილეობის მისაღებად.
სერტიფიცირების გამოცდის მიმდინარეობაზე საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით, გამოცდაზე დამკვირვებლებად დაიშვებიან აკრედიტებული ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. აკრედიტაციის მიზნით, დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა განცხადებით უნდა მიმართონ სერტიფიცირების გამოცდის სამდივნოებს, 21 - 27 ნოემბრის პერიოდში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, უქმე და დასვენების დღეების გარდა.
გამოსაცდელი სერტიფიცირების გამოცდაზე დაიშვება მხოლოდ ერთხელ, სარეგისტრაციო ბარათში მითითებული თარიღისა და დროის დაცვით (საგამოცდო ცენტრში გამოცხადება უნდა მოხდეს გამოცდის დაწყების დრომდე 10 წუთით ადრე). გამოსაცდელი, რომელიც არ გამოცხადდება გამოცდაზე ან დაგვიანებით გამოცხადდება, მოიხსნება გამოცდიდან. გამოსაცდელმა სერტიფიცირების გამოცდაზე გამოცხადებისას თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი.
სწავლების ცენტრმა უზრუნველყო საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების გამოცდისთვის ტესტების განახლება. მომზადდა 840 ტესტი, რომელიც თემატურად მოიცავს საკითხებს შემდეგი ნორმატიული აქტებიდან: საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს საარჩევნო კოდექსი; „კენჭისყრის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ ცესკოს 2023 წლის 6 თებერვლის N7/2023 დადგენილება; ცესკოს 2015 წლის 25 ნოემბრის №54/2015 დადგენილებით დამტკიცებული ცესკოს რეგლამენტი; ცესკოს 2012 წლის 3 თებერვლის №2/2012 დადგენილებით დამტკიცებული საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტი; ცესკოს 2021 წლის 23 აგვისტოს №49/2021 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ეთიკის კოდექსი; „ცესკოს წევრებისა და საოლქო საარჩევნო კომისიების არჩეულ წევრთა შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული და სამსახურებრივი შეუთავსებლობის საკითხების განსაზღვრის შესახებ“ ცესკოს 2017 წლის 27 ივნისის №11/2017 დადგენილება.
სერტიფიცირება ელექტრონული ტესტირების მეთოდით წარიმართება. თითოეული გამოსაცდელისთვის შემთხვევითი შერჩევის მეთოდით, ავტომატურად შეირჩევა 24 საგამოცდო ტესტი, სერტიფიკატის მისაღებად გამოსაცდელმა უნდა დააგროვოს 15 ქულა. სერტიფიკატის მოქმედების ვადა განისაზღვრება გამოცდის ჩაბარებიდან 5 წლის ვადით.
საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების დებულება იხილეთ ბმულზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 261 21 11