ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე ჯგუფის წევრებმა დღეს საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის საკითხზე იმსჯელეს. შეხვედრა ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა და მონაწილეებს ინფორმაცია 29 აპრილს გასამართი შუალედური/რიგგარეშე არჩევნების შესახებ მიაწოდა, რომელიც ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ტარდება. როგორც გიორგი კალანდარიშვილმა განმარტა ამომრჩეველთა ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და დათვლის აპარატების გამოყენებით კენჭისყრაში მონაწილეობას ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 91% მიიღებს, დანარჩენ უბნებზე საარჩევნო ბიულეტენები გაციფრულდება, შესაბამის პლატფორმაზე აიტვირთება და ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული მხარისთვის.
ცესკოს თავმჯდომარის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაცია ორიენტირებულია, რომ უზრუნველყოს ყველა ამომრჩევლისთვის თანაბარი პირობების და შესაფერისი საარჩევნო გარემოს შექმნა. მნიშნელოვანია, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს საშუალება ჰქონდეთ ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარებულ არჩევნებში დამოუკიდებლად შეძლონ მონაწილეობა.
საკანონმდებლო ცვლილებების, 2023-2024 წლის არჩევნებში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების, 2024 წლის საერთო არჩევნებზე საარჩევნო უბნების რაოდენობისა და კენჭისყრის შედეგების გამოქვეყნების შესახებ დეტალური ინფორმაცია ჯგუფის წევრებს ცესკოს პროცესების მართვის დეპარტამენტის უფროსმა ეკა ცაბაშვილმა მიაწოდა.
შეხვედრა, რომელიც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაიმართა, კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა. ჯგუფის წევრებმა არჩევნებში ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები დააფიქსირეს. დღესვე ჯგუფის წევრებმა პრაქტიკაში გამოცადეს ელექტრონული საარჩევნო ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და დათვლის აპარატების მუშაობა.
შეხვედრაზე შეთანხმდნენ რომ უახლოეს მომავალში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა იმ ჯგუფთან გაიმართება შეხვედრა, რომლებიც 29 აპრილს დაგეგმილ შუალედურ/რიგგარეშე არჩევნებში იღებენ მონაწილეობას, რადგან დეტალურად გააცნონ ინფორმაცია აღნიშნული არჩევნების ადმინისტრირებისა და მათთვის შეთავაზებული სერვისების შესახებ.