ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ცესკოს სწავლების ცენტრის დირექტორთან, ნათია ზაალიშვილთან ერთად საინფორმაციო-სასწავლო კურსის „არჩევნები და ახალგაზრდა ამომრჩეველი“ მიმდინარეობას დღეს პირადად გაეცნო.
გიორგი კალანდარიშვილმა ცესკოს სწავლების ცენტრის ხელმძღვანელთან ნათია ზაალიშვილთან ერთად პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით ორგანიზებულ იმიტირებულ არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა და მათთან ერთად განიხილეს საარჩევნო პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობა.
„ახალგაზრდების ჩართულობა და ინფორმირებულობა არის საარჩევნო ადმინისტრაციის ერთ-ერთი პრიორიტეტი. ამ მიმართულებით ჩვენ არაერთ საგანმანათლებლო პროექტს ვახორციელებთ. ეს სასწავლო კურსი ითვალისწინებს XI-XII კლასის მოსწავლეების საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლებას, რაც სამომავლოდ ხელს შეუწყობს მათ ინფორმირებასა და დაინტერესებას სხვადასხვა საარჩევნო პროცესისადმი. ამით ჩვენ მნიშვნელოვნად ვუწყობთ ხელს საარჩევნო კულტურის განვითარებას, იმისათვის, რომ ყველა ახალგაზრდას, და ზოგადად ამომრჩეველს, კარგად ჰქონდეს გაცნობიერებული მისი წვლილი და პასუხისმგებლობა იმ მნიშვნელოვან პროცესში, რასაც ჰქვია არჩევნები და ქვეყნის განვითარება“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.
„არსებითად მნიშვნელოვანია დროული და სწორი კომუნიკაცია ახალგაზრდებთან. სწორედ ამიტომ, წლებია ვთანამშრომლობთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და ვახორციელებთ საინფორმაციო სასწავლო კურსს „არჩევნები და ახალგაზრდა ამომრჩეველი“. მოსწავლეები ეცნობიან მნიშვნელოვან საარჩევნო საკითხებს, მათი ჩართულობით აქტუალურ საარჩევნო თემატიკაზე ტარდება დებატები. იმედს გამოვთქვამთ, რომ ეს კურსი მაქსიმალურად ხელს შეუწყობს ახალგაზრდების საარჩევნო ცნობიერების ამაღლებას და მათ აქტიურ ამომრჩევლებად ჩამოყალიბებას“,-განაცხადა ნათია ზაალიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ 2022 წელს საინფორმაციო-სასწავლო კურსი „არჩევნები და ახალგაზრდა ამომრჩეველი“ განახლებული კონცეფციით ხორციელდება. გაიზარდა სასწავლო კურსის განხორციელების არეალი. ცესკოს სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული პროგრამის იმპლემენტაცია გათვალისწინებულია საქართველოს 64 მუნიციპალიტეტში განლაგებულ 300-მდე საჯარო სკოლაში, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში.XI-XII კლასის მოსწავლეები სხვადასხვა საარჩევნო საკითხის განხილვისას ეცნობიან ისეთ ახალ მოდულებს, როგორიცაა: ინკლუზიური საარჩევნო გარემო; დეზინფორმაციის და სიძულვილის ენის უარყოფითი შედეგების გავლენა საარჩევნო პროცესზე; არჩევნების სანდოობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიმართულებით საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ დანერგილი ინოვაციური სერვისები. კურსი სამდღიანია. პრაქტიკული სწავლების ფორმატში მოსწავლეების ჩართულობით იმართება იმიტირებული არჩევნები, ასევე ტარდება დებატები. ამასთან, კურსის ფარგლებში, სკოლის მოსწავლეებს ხვდებიან საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები და პირადად აწვდიან ინფორმაციას საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობისა და საარჩევნო პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების საკითხების შესახებ.
საინფორმაციო-სასწავლო კურსი „არჩევნები და ახალგაზრდა ამომრჩეველი“ საჯარო სკოლებში 2022 წლის 15 მარტიდან 4 აპრილის ჩათვლით პერიოდში ხორციელდება.
პროექტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით 2015 წლიდან ხორციელდება. დღემდე მასში მონაწილეობა 738 საჯარო სკოლის 13 000-მდე ახალგაზრდამ მიიღო.