2022 წელს საინფორმაციო-სასწავლო კურსი „არჩევნები და ახალგაზრდა ამომრჩეველი“ განახლებული კონცეფციით განხორციელდება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით მიმდინარე წელს დაიგეგმა სასწავლო კურსის განხორციელების არეალის ზრდა. ცესკოს სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული პროგრამის იმპლემენტაცია გათვალისწინებულია საქართველოს 64 მუნიციპალიტეტში განლაგებულ 300-მდე საჯარო სკოლაში, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში.
პროექტის განხორციელებას სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებული 95 ტრენერი უზრუნველყოფს. ტრენერთა კორპუსს სასწავლო პროექტის სიახლეები ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი შარაბიძემ და სწავლების ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა გააცნეს. როგორც მათ აღნიშნეს, ახალგაზრდების ინფორმირებულ ამომრჩევლებად ჩამოყალიბების კომპლექსური ამოცანის შესაბამისად განახლდა სასწავლო პროგრამა; XI-XII კლასის მოსწავლეები სხვადასხვა საარჩევნო საკითხის განხილვისას გაეცნობიან ისეთ ახალ მოდულებს, როგორიცაა: ინკლუზიური საარჩევნო გარემო; დეზინფორმაციის და სიძულვილის ენის უარყოფითი შედეგების გავლენა საარჩევნო პროცესზე; არჩევნების სანდოობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიმართულებით საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ დანერგილი ინოვაციური სერვისები.
მოსწავლეების საარჩევნო ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებით სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული კურსის ხანგრძლივობა სამ სასწავლო დღეს მოიცავს. საჯარო სკოლებში პრაქტიკული სწავლების ფორმატში მოსწავლეების ჩართულობით გაიმართება იმიტირებული არჩევნები. ახალგაზრდების მონაწილეობით ასევე ჩატარდება დებატები, რაც ახალგაზრდა თაობაში დებატების კულტურის განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. ამასთან, სიახლის სახით გათვალისწინებულია საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენელთა შეხვედრების ორგანიზება სკოლის მოსწავლეებთან, აღნიშნული კი მათთვის ქმნის დამატებით შესაძლებლობას, პირველ წყაროდან მიიღონ ინფორმაცია საარჩევნო ადმინისტრაციის პრაქტიკულ საქმიანობაზე, მათ შორის, საარჩევნო პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების საკითხზე.
საინფორმაციო-სასწავლო კურსი „არჩევნები და ახალგაზრდა ამომრჩეველი“ საჯარო სკოლებში 2022 წლის 15 მარტიდან 4 აპრილის ჩათვლით პერიოდში განხორციელდება. დეტალური გრაფიკი წარმოდგენილია ბმულზე (გრაფიკში ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, ინფორმაცია აისახება დაუყოვნებლივ).
პროექტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით 2015 წლიდან ხორციელდება. დღემდე მასში მონაწილეობა 738 საჯარო სკოლის 13 000-მდე ახალგაზრდამ მიიღო.