ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების ანგარიშისა და საარჩევნო ადმინისტრაციის 2022 წლის სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გამართა.
გიორგი კალანდარიშვილმა პოლიტიკური პარტიების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების, სახელმწიფო უწყებებისა და მედიის წარმომადგენლებს გააცნო ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მაღალ დონეზე ჩასატარებლად საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ.
ცესკოს თავმჯდომარემ ისაუბრა განხორციელებული რეფორმებისა და სიახლეების, მათ შორის ხმის გადათვლის პროცედურის უპრეცედენტოდ დიდი მასშტაბის, ხმის დათვლის პროცედურის ვიდეოფიქსაციის, ცესკოს სხდომების პირდაპირი ტრანსლაციის, ხმის ელექტრონულად დათვლის საპილოტე პროექტის, მოდიფიცირებული ხმის მიცემის კაბინისა და სხვა სიახლეების შესახებ. გიორგი კალანდარიშვილმა დეტალურად ისაუბრა იმ ინოვაციური სერვისებისა და პროექტების შესახებ, რომელიც განხორციელდა იმისათვის, რომ ამომრჩეველს ჰქონოდა შესაძლებლობა დემოკრატიულ და თავისუფალ გარემოში მიეღო საარჩევნო პროცესში მონაწილეობა.
ცესკოს თავმჯდომარემ არსებული გამოწვევებისა და სამომავლო გეგმების შესახებაც ისაუბრა. მან 2021 წლის ერთ-ერთ გამოწვევად პანდემია დაასახელა, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაციამ წარმატები გაართვა თავი.
საარჩევნო კულტურა და განათლება, არჩევნების სანდოობა და უსაფრთხოება, საარჩევნო სერვისები და ტექნოლოგიები, ინკლუზიური საარჩევნო გარემო და მართვის ეფექტიანობა და რა თქმა უნდა, ინსტიტუციური გაძლიერება - ეს ცესკოს 2020-2023 წლის სტრატეგიული გეგმის პრიორიტეტებია, რომელთა შესაბამისად მომზადდა ცესკოს 2022 წლის სამოქმედო გეგმა.
„დღეს ჩვენ წარვადგინეთ ანგარიში იმ განხორციელებული საქმიანობების შესახებ, რომელიც საკმაოდ მოკლე პერიოდში ახალი მენეჯმენტის პირობებში, რეფორმის ფარგლებში განვახორციელეთ. ამ მხრივ აღსანიშნავია ის ტექნოლოგიური სიახლეები, ის სერვისები, რომლებიც ჩვენ ჩართულ მხარეებს და ამომრჩეველს შევთავაზეთ. მათ შორისაა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ხმების დათვლა, ელექტრონული პლატფორმების შექმნა სხვადასხვა სერვისის გაუმჯობესებისა და გამარტივების მიზნით, ასევე ის საქმიანობა, რომელიც ადმინისტრაციამ პანდემიის პირობებში არჩევნების ჩასატარებლად განახორციელა.
ვისაუბრეთ სიახლეებზე, რომლებიც უზრუნველყოფდა გარკვეული მექანიზმების ამუშავებას დეზინფორმაციასთან ბრძოლასთან მიმართებაში და ა.შ. შესაბამისი რეკომენდაციებისა და მიგნებების გათვალისწინებით გამოვყავით მნიშვნელოვანი საჭიროებები, რომელიც დღეს ინსტიტუციის წინაშე დგას. ამ ყველაფრის ანალიზის შედეგად დავსახეთ 2022 წლის სამოქმედო გეგმა, რომელიც კონკრეტულად უპასუხებს არსებულ გამოწვევებსა და საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განსაზღვრულ სტრატეგიულ მიმართულებებს“,-განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ პრეზენტაციის დასრულების შემდეგ.