სწავლების ცენტრმა საარჩევნო ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით, 2020 წლის 24 სექტემბრიდან 26 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში, 3657 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა პროფესიული გადამზადებისთვის ინტენსიური ტრენინგები განახორციელა.
საარჩევნო საკანონმდებლო საკითხებზე პროცედურული ცოდნის ამაღლების და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ტრენინგები ოთხ ეტაპად ჩატარდა:
- ტრენინგების I და III ეტაპი საუბნო საარჩევნო კომისიების სრული შემდაგენლობის სწავლებას დაეთმო;
- II ეტაპზე საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების (კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, კომისიის მდივანი) ტრენინგი განხორციელდა;
- ტრენინგების IV ეტაპი საუბნო საარჩევნო კომისიების მდივნების პრაქტიკულ სწავლებას დაეთმო.
სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული პროფილური პროგრამების ფარგლებში საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა მიიღეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ შემდეგ ძირითად საკითხებზე:
- დემოკრატიული არჩევნების ჩატარების ძირითადი პრინციპები და მათ უზრუნველსაყოფად საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა როლის მნიშვნელობა, მანდატი ეთიკური და სამართლებრივი ჩარჩოს ფარგლებში;
- საუბნო საარჩევნო კომისიის სამუშაო რეჟიმი და რეგლამენტით განსაზღვრული უფლებამოსილებები; დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძვლები;
- საოლქო საარჩევნო კომისიებთან საუბნო საარჩევნო კომისიების საქმიანობის კოორდინაცია/კომუნიკაცია (მათ შორის, საორგანიზაციო-ლოჯისტიკურ საკითხებზე);
- საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობა კენჭისყრის დღემდე პერიოდში (მათ შორის, საკანონმდებლო სიახლე - ადაპტირებული საარჩევნო უბნის სპეციალურ სიაში ამომრჩეველთა შეყვანის საკითხი);
- კენჭისყრის დღეს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა მიერ შესასრულებელი ფუნქციები;
- ამომრჩეველთა მიერ ხმის მიცემის წესი (მათ შორის, ნების თავისუფალი გამოვლენისა და ხმის მიცემის ფარულობის პრინციპი);
- ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხები;
- საარჩევნო უბნის დახურვა, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ფუნქციები საარჩევნო ბიულეტენების დახარისხება/დათვლა/დალუქვის პროცესში;
- კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენა და საჯაროობა;
- არჩევნების უსაფრთხოება;
- ფოტო-ვიდეოგადაღების რეგულაციები საარჩევნო უბანზე;
- კენჭისყრის დღის განცხადება/საჩივრები;
- პანდემიის პირობებში არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარებასთან დაკავშირებული რეგულაციები.
საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების ტრენინგების ჩატარება უზრუნველყო სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებულმა 190 ტრენერმა. ტრენინგი ჩატარდა კომბინირებული მეთოდოლოგიის გამოყენებით, მათ შორის, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაღრმავების უზრუნველსაყოფად მონაწილეებმა განახორციელეს ეპიზოდური ინსცენირებები.
ტრენინგების მიმდინარეობას საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ტრენინგებზე საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა დასწრების დეტალური სტატისტიკა იხ. ბმულზე.