2020 წლის 30 სექტემბერს, სწავლების ცენტრის დირექტორი ნათია ზაალიშვილი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) გრძელვადიანი დამკვირვებლების ანალიტიკოსთა მისიის წარმომადგენლებს შეხვდა. დისტანციურ ფორმატში გამართულ შეხვედრაზე განხილულ იქნა ცესკოსა და სწავლების ცენტრის მიერ 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის დაგეგმილი და უკვე განხორციელებული საინფორმაციო-სასწავლო პროგრამები.
სწავლების ცენტრის დირექტორმა ისაუბრა საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების პროფესიული გადამზადების მიზნით შემუშავებული ინტენსიური ტრენინგების კონცეფციაზე; ასევე, ყურადღება გამახვილდა არჩევნებში ჩართული მხარეების საარჩევნო შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობის მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით სწავლების ცენტრის დირექტორმა მონაწილეებს გააცნო ცესკოსა და სწავლების ცენტრის თანამშრომლობით შემუშავებული საინფორმაციო-სასწავლო პროგრამები, რომლებიც, მათ შორის, განკუთვნილია პოტენციური ქალი კანდიდატებისთვის, ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების, საარჩევნო სუბიექტებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის.
ამასთან, შეხვედრის მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის ცესკოსა და სწავლების ცენტრის მიერ, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის მხარდაჭერით, შემუშავებული ახალი დისტანციური ელექტრონული სასწავლო პროგრამის თაობაზე, რომლის მიზანია საჯარო მოსამსახურეების ცნობიერების ამაღლება ადმინისტრაციული რესურსების არამართლზომიერად გამოყენებისა და წინასაარჩევნო კამპანიის წესების დარღვევის პრევენციის საკითხებზე.
სწავლების ცენტრის დირექტორმა მისიის წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია ამომრჩევლებისთვის, მათ შორის ახალგაზრდა ამომრჩევლებისთვის გათვალისწინებულ საგანმანათლებლო პროგრამებსა და საინფორმაციო კამპანიაზე. შეხვედრაზე განხილულ იქნა ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებთან საარჩევნო ადინისტრაციისა და სწავლების ცენტრის თანამშრომლობით, საგრანტო პროექტების ფარგლებში, განხორციელებული და მიმდინარე საინფორმაციო-სასწავლო ხასიათის პროგრამები, რომლებიც ეხმიანება საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეკომენდაციებს და ითვალისწინებს პროექტის ბენეფიციარებისთვის (პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, ახალგაზრდები, ქალები, ეთნიკური უმცირესობები, შშმ ამომრჩევლები) ინფორმაციის მიწოდებას სხვადასხვა მნიშვნელოვან საარჩევნო საკითხზე, მათ შორის როგორიცაა: დემოკრატიული საარჩევნო პროცესის სახელმძღვანელო პრინციპები (მათ შორის, ხმის მიცემის ფარულობის პრინციპი); ძალადობისა და სიძულვილის ენისგან თავისუფალი საარჩევნო გარემო; დეზინფორმაციის გავლენა სანდო საარჩევნო გარემოზე; ჩართული მხარეების საარჩევნო ეთიკა და პროფესიული სტანდარტები; წინასაარჩევნო კამპანიის/აგიტაციის წარმოება და შეზღუდვები; ინკლუზიური საარჩევნო გარემო.
პანდემიური მდგომარეობის გათვალისწინებით, შეხვედრაზე განხილულ იქნა საინფორმაციო-სასწავლო პროგრამების ჩატარების მეთოდოლოგია, რომელიც, პროგრამების ხასიათიდან გამომდინარე, ითვალისწინებს ტრენინგების ჩატარებას როგორც დისტანციურად (ელექტრონული რესურსების გამოყენებით), ისე პირდაპირი შეხვედრების ფორმატში (პანდემიასთან დაკავშირებული რეკომენდაციების სრული დაცვით).