2019 წლის 16-19 სექტემბრის პერიოდში სწავლების ცენტრმა ჩაატარა ტრენერთა ტრენინგი საინფორმაციო-სასწავლო პროექტისთვის „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები“. ღონისძიება ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი შარაბიძემ და სწავლების ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა გახსნეს. მათ ყურადღება გაამახვილეს სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული სასწავლო პროექტის მნიშვნელობაზე, რომელიც ითვალისწინებს პროფილურ სწავლებას კენჭისყრის დღის პროცედურებსა და საუბნო საარჩევნო კომისიის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე. აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს კვალიფიციური საკადრო რესურსის ფორმირებას, რაც შემდგომში უზრუნველყოფს საარჩევნო ადმინისტრაციისა და არჩევნებში ჩართული მხარეების მიერ პროფესიული კადრების შერჩევის ხელშეწყობას. ღონისძიებას ასევე ცესკოს წევრები დიმიტრი ჯავახაძე და გიორგი ჭიქაბერიძე ესწრებოდნენ.
ტრენინგის მონაწილეები, რომლებმაც გადამზადება გაიარეს, საოლქო საარჩევნო კომისიების წევრები და საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენერები არიან. შემდგომ ეტაპზე, გადამზადებული 153 ტრენერი საინფორმაციო-სასწავლო პროექტს „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები“ საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში განახორციელებს.
შეხვედრის დასკვნით ნაწილში საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებს ასევე ჩაუტარდათ ინსტრუქტაჟი, რომლის შესაბამისად საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები კონტრიბუციის ფარგლებში ჩაუტარებენ ტრენინგებს სწავლების ცენტრის მიერ 2019 წლის 25 ივნისს გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში გამარჯვებულად გამოვლენილი არასამთავრობო ორგანიზაციების საგრანტო პროექტების ბენეფიციარ მოქალაქეებს. აღნიშნული თანამშრომლობა მიზნად ისახავს მოქალაქეთა საარჩევნო ცნობიერების ამაღლებას და მათთვის ინფორმაციის მიწოდებას შემდეგ საკითხებზე: დემოკრატიული საარჩევნო პროცესის სახელმძღვანელო პრინციპები (მათ შორის, ხმის მიცემის ფარულობის პრინციპი); ამომრჩევლის ჩართულობა საარჩევნო პროცესის სხვადასხვა ეტაპზე და საარჩევნო უფლებების რეალიზების მექანიზმები (მათ შორის, ამომრჩეველთა სიაში თავის გადამოწმება, გადასატანი საარჩევნო ყუთით სარგებლობის წესი, საარჩევნო უბანზე კენჭისყრის პროცესში მონაწილეობა); საარჩევნო ადმინისტრაციის და სხვა ჩართული მხარეების ფუნქციები და როლი ამომრჩევლის პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველსაყოფად; საარჩევნო ადმინისტრაციასა და მოქალაქეებს შორის ხელმისაწვდომი საკომუნიკაციო არხები; პროგრამის ფარგლებში ასევე ყურადღება გამახვილდება საარჩევნო კოდექსის ცვლილებაზე და მოქალაქეებს მიეწოდებათ ინფორმაცია პროპორციული საარჩევნო სისტემის რაობასა და ძირითადი მახასიათებლების შესახებ.
საინფორმაციო-სასწავლო პროექტის „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები“ და ამომრჩეველთა საარჩევნო/სამოქალაქო კულტურის განვითარებაზე ორიენტირებული საგრანტო პროექტების განხორციელება გათვალისწინებულია 2019 წლის 25 სექტემბრიდან. დეტალური გრაფიკები ეტაპობრივად განთავსდება სწავლების ცენტრის ვებ-გვერდზე.