2018 წლის 22 აგვისტოს სწავლების ცენტრმა გამართა შეხვედრა ტექნიკური სამუშაო ჯგუფის (TWG) წევრი საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირები, წევრები და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები.
შეხვედრა ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ გახსნა, რომელმაც საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო ადმინისტრაციის კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობის მიმართულებით მზადების პროცესის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
სწავლების ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს დეტალურად გააცნო საარჩევნო ადმინისტრაციის სწავლების მიმართულებით შემუშავებული სიახლეები, მათ შორის ყურადღება გაამახვილა საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგებთან დაკავშირებით შემუშავებულ ახალ კონცეფციაზე და მისი ძირითადი ასპექტები მიმოიხილა. კერძოდ, ტრენინგების ახალი კონცეფციის მიხედვით:
ტრენინგების კონცეფცია ასევე ითვალისწინებს პრაქტიკული სწავლების კომპონენტის შემოღებას, რომელიც უკავშირდება საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩეველთა კენჭისყრაში მონაწილეობის საკითხის გაცნობას ვიდეო-რგოლის ჩვენებით და შესაბამისი ინსტრუქტაჟის ჩატარებით. ვიდეო-რგოლის გადაღებას ცესკო და სწავლების ცენტრი განახორციელებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უშუალო ჩართულობით.
ზემოაღნიშნული ასპექტების გათვალისწინებით საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგები ჩატარდება ოთხ ეტაპად (არსებული სატრენინგო სისტემით გათვალისწინებული სამი ეტაპის ნაცვლად), ასევე გათვალისწინებული იქნება ტრენინგების დამატებითი ეტაპი კომისიის შეცვლილი (ახალი) წევრებისთვის; საოლქო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგები კი ერთ ეტაპს მოიცავს. ტრენინგების ჩატარების დეტალური გრაფიკები გასაჯაროვდება სწავლების ცენტრის და ცესკოს ვებ-გვერდებზე.
საარჩევნო ადმინისტრაციისთვის ტრენინგების ჩატარებას უზრუნველყოფენ სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებული საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენერები.
სწავლების ცენტრის სასწავლო პროგრამების განყოფილების უფროსმა მაია გუდაძემ შეხვედრის მონაწილეებს გააცნო საოლქო/საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის შემუშავებულ სახელმძღვანელო ინსტრუქციებში ასახული მნიშვნელოვანი სიახლეები, მათ შორის: კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის/შესწორების ოქმის შედგენის დეტალური ინსტრუქცია, ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხები, კენჭისყრის დღის განცხადება/საჩივართან დაკავშირებული რეგულაციები და სხვა.
შეხვედრის მონაწილეებმა პოზიტიურად შეაფასეს სწავლების ცენტრის მიერ წარდგენილი სიახლეები, რაც სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშებში ასახულ რეკომენდაციებს ეხმიანება.