EN

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

ინფორმაცია საგრანტო კონკურსის შესახებ

თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნქციონირებისათვის აუცილებელი პირობაა. არჩევნების ჩატარების მსოფლიო პრაქტიკა ადასტურებს, რომ არ შეიძლება არჩევნები განხილულ იყოს, როგორც ტექნიკური პროცედურა, არამედ ის არის პოლიტიკური პროცესის ნაწილი, რომელიც განიხილება ადამიანის უფლებათა რეალიზების ერთ-ერთი მთავარ ინსტრუმენტად.   

დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისათვის მნიშვნელოვანია ჯანსაღი, კონკურენტუნარიანი პოლიტიკური გარემოს უზრუნველყოფა, რაც მოიცავს პოლიტიკური პარტიების განვითარებას, მათი ინსტიტუციური უნარ-შესაძლებლობების გაძლიერებას. აღნიშნული, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს  ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში პარტიების  მძლავრ, აქტიურ მონაწილეებად ჩამოყალიბებას, მათ მიერ მოქალაქეების ინტერესების სათანადოდ წარმოჩენასა და ქვეყნის ცალკეულ რეგიონებში სოციალურ-ეკონომიკური სახის პრობლემებზე სათანადოდ რეაგირებას.

საქართველოში საარჩევნო პროცესში მრავალი სუბიექტია ჩართული, პოლიტიკური პარტიების გარდა, არჩევნებში ასევე მონაწილეობენ  მედია, არასამთავრობო ორგანიზაციები, ამომრჩევლები. ხშირად არჩევნების პროცესში მონაწილე სუბიექტების სრულფასოვან და კანონმდებლობის დაცვით მონაწილეობას შესაბამისი ცოდნისა და უნარების არქონა უშლის ხელს. მიხედავად იმისა, რომ ტარდება მრავალი სემინარი, სამუშაო შეხვედრა სამოქალაქო განათლების კუთხით, აქტივობების მოკლევადიანობა და არასისტემურობა უნარების შესაძენად და ცოდნის გასაღრმავებლად არაეფექტურ გარემოს ქმნის. 

2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის OSCE/ODIHR დასკვნის შესაბამისად ”სოფლებში პროცესი უფრო ნეგატიურად შეფასდა, ვიდრე ქალაქებში. აღსანიშნავია განსხვავება რეგიონებს შორის, კახეთში, სამცხე ჯავახეთსა და ქვემო ქართლში პროცესი 10 პროცენტით ნეგატიურად შეფასდა. ეს შეფასებები შეესაბამება წინა არჩევნებზე გაკეთებულ შეფასებებს და მიუთითებს ამ ადგილებში სისტემატური პრობლემების არსებობაზე”.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი აცხადებს საგრანტო კონკურს, რომლის მიზანია იმ პროექტების გამოვლენა, რომელთა განხორციელება მაქსიმალურად შეუწყობს ხელს:

  • ჯანსაღი, კონკურენტუნარიანი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებას;
  • პოლიტიკური პარტიების განვითარებას, მათ შორის, შიდა პარტიული დემოკრატიის გაძლიერებასა და მათი საქმიანობის საჯაროობას;
  • ამომრჩეველთა საარჩევნო კულტურის ჩამოყალიბებას, მათთვის მიზანმიმართული საგანმანათლებლო და საინფორმაციო პროგრამების მიწოდებას სხვადასხვა დემოგრაფიული ჯგუფებისათვის, ეთნიკურ უმცირესობებზე განსაკუთრებული ფოკუსირებით;
  • არჩევნებთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირების ღონისძიებათა გაფართოებას აქტიურ ამომრჩეველთა გამოვლენისა და საარჩევნო სფეროში მათი სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების გზით, რომლებიც შეიძლება განვიხილოთ, როგორც ინფორმაციის გავრცელების წყარო.

საგრანტო პროექტები უნდა შეესაბამებოდეს  კონკურსის  ზემოაღნიშნულ მიზნებს,  შემდეგ აქტივობებზე აქცენტირებით:

  • პოლიტიკური პარტიების განვითარების საჭიროებების კვლევა (კვლევის შედეგად მიღებული მონაცემების ანალიზი, დასკვნის მომზადება და შესაბამისი აქტივობების განხორციელება)
  • სამიზნე ჯგუფების გამოვლენა წინასწარ განსაზღვრული მეთოდოლოგიის შესაბამისად
  • სამიზნე ჯგუფებისათვის საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად (საგამომცემლო და ვიზუალური მასალების მომზადება და სხვ.)
  • ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ტრენინგებისა და სემინარების ჩატარება ტერიტორიული ერთეულების პრობლემებისა და სირთულის გათვალისწინებით (საგანმანათლებლო მასალების მომზადება ეთნიკური უმცირესობების ენაზე)

საგრანტო პროექტების თემატიკა და მათი დაფინანსების ფარგლები: 

I. აქტიურ ამომრჩეველთა ქსელი - ამომრჩეველთა განათლების წყარო

დაფინანსება: არაუმეტეს 50 000 ლარისა

ხანგრძლივობა: 2010 წლის 1 დეკემბრიდან  - 2011 წლის 30 მარტამდე

II. ეთნიკურ უმცირესობათა სამართლებრივი განათლების ამაღლების ხელშეწყობა დემოკრატიული არჩევნების არსისა და ორგანიზაციული თავისებურებების შემეცნებაში

დაფინანსება: არაუმეტეს 50 000 ლარისა

ხანგრძლივობა: 2010 წლის 1 დეკემბრიდან -  2011 წლის 30 მარტამდე

III. პოლიტიკური პარტიების რეგიონული განვითარების ხელშეწყობა

დაფინანსება: არაუმეტეს 50 000 ლარისა

ხანგრძლივობა: 2010 წლის 1 დეკემბრიდან - 2011 წლის  30 მარტამდე

 დამატებითი მოთხოვნები საგრანტო პროექტებთან დაკავშირებით:

  • საგრანტო პროექტი ”აქტიურ ამომრჩეველთა ქსელი - ამომრჩეველთა განათლების წყარო”    უნდა განხორციელდეს ორ რეგიონში - კახეთი ან  ქვემო ქართლი
  • საგრანტო პროექტები ”ეთნიკურ უმცირესობათა სამართლებრივი განათლების ამაღლების ხელშეწყობა დემოკრატიული არჩევნების არსისა და ორგანიზაციული თავისებურებების შემეცნებაში” და ”პოლიტიკური პარტიების რეგიონული განვითარების ხელშეწყობა” უნდა განხორციელდეს საქართველოს რეგიონებში (გარდა თბილისისა).

ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობა:

კონკურსის გამოცხადების მომენტისათვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ ადგილობრივ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს (შემდგომში - არასამთავრობო ორგანიზაცია).

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად არასამთავრობო ორგანიზაციამ უნდა წარადგინოს შემდეგი საკონკურსო დოკუმენტაცია:

ა) განაცხადი კონკურსში მონაწილეობის მისაღებად(დანართი#1 შესაბამისად); 

ბ) საგრანტო პროექტის აღწერა და დასაბუთება (დანართი #2 შესაბამისად); 

გ) პროექტის დეტალურად გაწერილი ბიუჯეტი (დანართი #3 შესაბამისად); 

დ) პროექტის ერთგვერდიანი რეზიუმე;

ე) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული  სადამფუძნებლო დოკუმენტი;  

ვ) სხვა ნებისმიერი დოკუმენტაცია, რომელიც უკეთ წარმოაჩენს წარმოდგენილ საგრანტო პროექტს.

საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენა უნდა მოხდეს:

  • 2010 წლის 1 – 12 ნოემბერის ჩათვლით, 10:00-17:00 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა), მისამართზე: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კილომეტრი
  • წერილობითი და ელექტრონული ფორმით (CD)

არასრულყოფილად წარდგენილი დოკუმენტაცია არ განიხილება.

განმხილველი ორგანო:

საგრანტო პროექტების კონკურსის მიზნებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხს განიხილავს საკონკურსო კომისია პროექტების წარმდგენი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების დაუსწრებლად.

კომისია უფლებამოსილია საგრანტო პროექტთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია გამოითხოვოს პროექტის წარმდგენი არასამთავრობო ორგანიზაციისაგან, რომელიც ვალდებულია მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 2 დღის ვადაში შესაბამისი ინფორმაცია წერილობით წარუდგინოს კომისიას.

საგრანტო კონკურსის გრაფიკი:

  • კონკურსის გამოცხადება - 29 ოქტომბერი, 2010 წელი
  • საკონკურსო დოკუმენტების წარდგენის ვადა - 1 – 12 ნოემბრის ჩათვლით, 2010 წელი
  • პროექტების განხილვა - 22-24 ნოემბერი, 2010 წელი
  • კონკურსის შედეგები - 26 ნოემბრამდე, 2010 წელი
  • ხელშეკრულებების გაფორმება - 29-30 ნოემბერი, 2010 წელი

შენიშვნა: კონკურსანტებს კონკურსის შედეგები ეცნობებათ მათ ელექტრონულ მისამართზე  შეტყობინების გაგზავნის ფორმით, ინფორმაცია შერჩეული პროექტის/პროექტების შესახებ აგრეთვე განთავსდება ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწალების ცენტრის საკონტაქტო ინფორმაცია:
მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ.
ვებ-გვერდი: www.electionreforms.ge

ელ-ფოსტა: centre@electionreforms.ge

საკონტაქტო პირი: გიორგი ეზუგბაია - 891 19 55 23