სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი (შემდგომში - სწავლების ცენტრი) 2016 წლის 17 ივნისიდან აცხადებს საგრანტო კონკურსს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2016 წლის 14 ივნისის №245/2016 განკარგულებით განსაზღვრულ საგრანტო კონკურსის დაფინანსების შემდეგ მიმართულებებზე:
სიტუაციური ანალიზი
ამომრჩევლებისათვის სრულფასოვანი საინფორმაციო სივრცის უზრუნველყოფის ინიციატივების მხარდაჭერა საგრანტო კონკურსის ფარგლებში უკავშირდება 2016 წლის 8 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის არჩევნების გამართვას. არჩევნებისთვის მზადების პროცესში საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულება ელექტორატის ინფორმირების კომპონენტს ეფუძნება უშუალოდ საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული საარჩევნო პროცესის ანალიზის შედეგებსა და საერთაშორისო/ ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების რეკომენდაციებს, რომელიც ცხადყოფს საინფორმაციო/საგანმანათლებლო პროგრამების სისტემატურად განხორციელების აუცილებლობას.
კონკურსის გამოცხადება მიზნად ისახავს არასამთავრობო სექტორის ინიციატივების წახალისებას ისეთი მნიშვნელოვანი ამოცანების უზრუნველსაყოფად, რომელიც უკავშირდება არჩევნებისადმი ელექტორატის სოციალური განწყობის გაუმჯობესებას, ამომრჩევლის განათლებას საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით სამოქალაქო ჩართულობის დონის ამაღლების, აქტივობის ზრდისა და ამომრჩეველთა მიერ ინფორმირებული არჩევანის გაკეთების ხელშეწყობის მიზნით, გენდერული თანასწორობის პოლიტიკის წახალისებასა და მოწყვლადი ჯგუფების ინტეგრირებას.
პირველი მიმართულების ფარგლებში საგრანტო პროექტები შეიძლება შემოტანილ იქნას შემდეგ საკონკურსო თემატიკაზე:
საკონკურსო თემატიკა: ამომრჩეველთა ინფორმირება 2016 წლის 8 ოქტომბერს გასამართი საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის
აღნიშნულ თემატიკაზე წარმოდგენილი საგრანტო პროექტი უნდა ითვალისწინებდეს 2016 წლის 8 ოქტომბერს გასამართი საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საარჩევნო ცნობიერების ამაღლების, სამოქალაქო პასუხისმგებლობის ზრდისა და არჩევნებში ამომრჩევლის გააქტიურების ხელშეწყობის მიზნით საინფორმაციო/სასწავლო ხასიათის პროგრამების, საინფორმაციო კამპანიების, გადაცემების ან/და სხვა ფორმატის ღონისძიებების განხორციელებას. მნიშვნელოვანია, რომ პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი საინფორმაციო/საგანმანათლებლო პროგრამების მოდელირება მოხდეს პროექტისთვის იდენტიფიცირებული სამიზნე ჯგუფების ასაკისა და ინტერესების გათვალისწინებით. ამასთან, პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები მნიშვნელოვანია ორიენტირებული იყოს გენდერული თანასწორობის ხელშეწყობაზე და აღნიშნულის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით ორგანიზაციის ხედვა და მიდგომები ასახული უნდა იყოს პროექტში.
საგრანტო პროექტის ხანგრძლივობა:
2016 წლის 7 აგვისტო - 7 ოქტომბერი
საგრანტო პროექტის დაფინანსების ფარგლები:
არაუმეტეს 30 000 ლარისა (თანხა გაიცემა ეტაპობრივად ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში. მეორე ტრანში ხელმისაწვდომი იქნება 2016 წლის 1 ოქტომბრიდან)
მეორე მიმართულების ფარგლებში საგრანტო პროექტები შეიძლება შემოტანილ იქნას შემდეგ საკონკურსო თემატიკებზე:
საკონკურსო თემატიკა I: მოწყვლადი ჯგუფების მონაწილეობის ხელშეწყობა 2016 წლის 8 ოქტომბერს გასამართი საქართველოს პარლამენტის არჩევნების პროცესში
2016 წლის 8 ოქტომბერს გასამართი საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მოწყვლადი ჯგუფების სამოქალაქო აქტივობის ზრდის ხელშეწყობის მიზნით, აღნიშნულ თემატიკაზე წარმოდგენილი საგრანტო პროექტი უნდა ითვალისწინებდეს საარჩევნო საინფორმაციო კამპანიის უზრუნველყოფის ინიციატივას, რომელიც ორიენტირებული იქნება მათთვის ინფორმაციის მიწოდებაზე არჩევნების გზით ქვეყნის მართვის პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის მნიშვნელობის საკითხებზე და საარჩევნო უფლებების რეალიზების საკანონმდებლო მექანიზმებზე. მნიშვნელოვანია, რომ პროექტი ითვალისწინებდეს საინფორმაციო/საგანმანათლებლო ხასიათის ღონისძიებების განხორციელებას არამხოლოდ სემინარის/ტრენინგის ფორმატში, არამედ ასევე როლური, თეატრალიზებული ან სხვა ინოვაციური ღონისძიებების სახით. ამასთან, პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები ორიენტირებული უნდა იყოს გენდერული ასპექტების გათვალისწინებასა და ხელშეწყობაზე, და აღნიშნულის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით ორგანიზაციის ხედვა ასახული უნდა იყოს პროექტში.
სამიზნე ჯგუფები, რომელზეც გავრცელდება პროექტი, შეიძლება მოიცავდეს ქვემოთ დასახელებულ მინიმუმ ერთ-ერთ სამიზნე ჯგუფს:
მნიშვნელოვანია, რომ სამიზნე ჯგუფების სახით ეთნიკური უმცირესობების ან/და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების იდენტიფიცირების შემთხვევაში პროექტი განხორციელდეს ენობრივი, ტრადიციულ/რელიგიური ბარიერების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებების გათვალისწინებით.
საგრანტო პროექტის ხანგრძლივობა:
2016 წლის 7 აგვისტო - 7 ოქტომბერი
საგრანტო პროექტის დაფინანსების ფარგლები:
არაუმეტეს 30 000 ლარისა (თანხა გაიცემა ეტაპობრივად ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში, მეორე ტრანში ხელმისაწვდომი იქნება 2016 წლის 1 ოქტომბრიდან)
საკონკურსო თემატიკა II: ქალთა მონაწილეობის ხელშეწყობა 2016 წლის 8 ოქტომბერს გასამართი საქართველოს პარლამენტის არჩევნების პროცესში
აღნიშნულ საკონკურსო თემატიკაზე წარმოდგენილი საგრანტო პროექტი უნდა ითვალისწინებდეს 2016 წლის 8 ოქტომბერს გასამართი საქართველოს პარლამენტის არჩევნებში ქალთა ჩართულობის ზრდის წახალისებას. პროექტი ორიენტირებული უნდა იყოს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამების, საინფორმაციო კამპანიების, გადაცემების ან სხვა ღონისძიებების განხორციელების გზით ქალთა პოლიტიკური, სამოქალაქო უფლებების რეალიზების ხელშეწყობასა და საარჩევნო პროცესებში მათი ჩართულობის, მოტივაციის ზრდაზე. სამიზნე ჯგუფები, რომელზეც გავრცელდება პროექტი, უნდა გამოვლინდეს პროექტში წინასწარ განსაზღვრული მეთოდოლოგიის საფუძველზე.
საგრანტო პროექტის ხანგრძლივობა:
2016 წლის 7 აგვისტო - 7 ოქტომბერი
საგრანტო პროექტის დაფინანსების ფარგლები:
არაუმეტეს 30 000 ლარისა (თანხა გაიცემა ეტაპობრივად ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში, მეორე ტრანში ხელმისაწვდომი იქნება 2016 წლის 1 ოქტომბრიდან)
დამატებითი მოთხოვნები პირველი და მეორე მიმართულებების თემატიკებზე წარმოდგენილ საგრანტო პროექტებთან დაკავშირებით:
საგრანტო პროექტი უნდა განხორციელდეს აპლიკანტის შეხედულებისამებრ შერჩეულ საქართველოს ერთ ან რამდენიმე რეგიონში, გარდა თბილისისა.
საგრანტო პროექტის სრულფასოვნად შესრულების ხელშეწყობის მიზნით, დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები/საგრანტო პროექტის შესრულების პროცესში ჩართული პირები უნდა იყვნენ დამოუკიდებლები და მიუკერძოებლები, პროექტით გათვალისწინებული საქმიანობის/ღონისძიებების განხორციელების პერიოდში თავი აარიდონ ისეთ მოქმედებას, რომელიც შეიძლება აღქმულ იქნას რომელიმე პარტიისა თუ საარჩევნო სუბიექტის მხარდაჭერად/წინააღმდეგ ქმედებად, მათ შორის, თავი შეიკავონ პროექტის განმახორციელებელ, შემსრულებელ პირად ისეთი პირების ჩართვისაგან, რომლებიც 2016 წლის 8 ოქტომბერს გასამართი საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის წარმოადგენენ საარჩევნო სუბიექტს. იმ შემთხვევაში თუ დადასტურდა აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობა, არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ გამოიყენება „გრანტის გაცემის წესით“ განსაზღვრული პასუხისმგებლობის ზომები.
დამატებითი ინფორმაცია საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით
ვის შეუძლია საგრანტო კონკურსში მონაწილეობა:
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ კონკურსის გამოცხადებამდე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ ადგილობრივ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს (შემდგომში - არასამთავრობო ორგანიზაცია).
კონკურსში მონაწილეობის უფლება არ აქვთ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთა ხელმძღვანელი პირები ან/და კონკურსში წარსადგენად შემუშავებული პროექტის განმახორციელებელი პირები არიან: საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი; ცესკოს აპარატის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი; სწავლების ცენტრის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; სწავლების ცენტრის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი; საგრანტო საკონკურსო კომისიის, კომისიის სამდივნოსა და მონიტორინგის ჯგუფის წევრი. არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელ პირებში იგულისხმება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის თანახმად არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირები.
საგრანტო კონკურსში წარსადგენი საკონკურსო დოკუმენტაცია:
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად არასამთავრობო ორგანიზაციამ უნდა წარადგინოს შემდეგი საკონკურსო დოკუმენტაცია მითითებული წესის დაცვით:
ა) საგრანტო განაცხადი დანართი N1-ის ფორმის დაცვით (ნაბეჭდი და ელექტრონული ფორმით (CD));
ბ) საგრანტო კონკურსის გამოცხადების (2016 წლის 17 ივნისი) შემდეგ მომზადებული ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომლის მონაცემებით დასტურდება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციას არ გააჩნია შემდეგი ვალდებულებები: ყადაღა/აკრძალვა, საგადასახადო გირავნობა, მოვალეთა რეესტრი (ნაბეჭდი ფორმით);
გ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული სადამფუძნებლო დოკუმენტი (წესდება, დებულება ან სხვა) (ნაბეჭდი ფორმით).
შენიშვნა: კონკურსში მონაწილეობის მისაღებად არასამთავრობო ორგანიზაცია უფლებამოსილია გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში წარადგინოს მხოლოდ ერთი საგრანტო განაცხადი.
განმხილველი ორგანო:
არასამთავრობო ორგანიზაციის საკონკურსო დოკუმენტაციის შეფასებას, არასამთავრობო ორგანიზაციის დაფინანსების/დაფინანსებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს „გრანტის გაცემის წესის“ შესაბამისად შექმნილი საგრანტო საკონკურსო კომისია, საკონკურსო დოკუმენტაციის წარმდგენი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის სხდომაზე დაუსწრებლად.
საგრანტო საკონკურსო კომისიის წევრების მიერ საგრანტო პროექტების შეფასება ხორციელდება საკონკურსო დოკუმენტაციის შეფასების ფურცელში განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად (დანართი N2).
საგრანტო კონკურსის შედეგების საჯაროობა:
საგრანტო კონკურსის მონაწილეებს კონკურსის შედეგები ეცნობებათ მათ ელექტრონულ მისამართზე შეტყობინების გაგზავნის ფორმით. ინფორმაცია საგრანტო საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ ასევე განთავსდება ცესკოსა და სწავლების ცენტრის ვებ–გვერდებზე: www.cesko.ge www.electionreforms.ge
საგრანტო კონკურსის გრაფიკი:
„გრანტის გაცემის წესი“ იხილეთ ბმულზე
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 261 21 11